შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რაც „ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივნმა, კახა კალაძემ ხაშურში, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ზაზა დუგლაძის წარდგენაზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ეს განვითარების და სტაბილურობის გზა აუცილებლად შენარჩუნდება.
“ჩემთვის პატივია წარვდგე თქვენს წინაშე ქალაქში, რომელიც პრაქტიკულად საქართველოს გულია, ერთნაირად ნაცნობი და ახლობელი როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს თითოეული მცხოვრებისთვის.
სასიხარულოა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ დასრულდა ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორიცაა ხაშურის შემოვლითი, 13 კმ-იანი გზის მონაკვეთი. გარდა ამისა, რომ ხაშურში სატრანზიტო მოძრაობა შეწყდება და ქალაქი საცობებისგან განიტვირთება, პროექტი მნიშვნელოვანია ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხითაც, რაც პირდაპირ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.
რასაკვირველია, ჩვენ ვიზრუნეთ იმაზეც, რომ ახალი გზის გახსნასთან ერთად, შენარჩუნებულიყო ის ეკონომიკური აქტივობები, რაც უკავშირდებოდა ძველ საავტომობილო გზას ხაშურში, რათა მოსახლეობამ კვლავაც შეძლოს საკუთარი წარმოებული პროდუქციის რეალიზება. შესაბამისად, ახალ გზაზე მოეწყობა სპეციალური სავაჭრო სივრცეები, რომელიც ადგილობრივებს საშუალებას მისცემს, კიდევ უფრო განავითარონ საკუთარი ბიზნესი.
განვითარება ვახსენეთ და შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, რაც „ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, შეიძლება ითქვას, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული – განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები ჯანდაცვის, განათლების, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოყოფილი და დამტკიცებული გრანტები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიზნით. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ შექმნილიყო სამუშაო ადგილები, რაც იძლევა შესაძლებლობას, დროთა განმავლობაში დაიძლიოს ქვეყანაში არსებული ერთ-ერთი გამოწვევა, რომელიც სწორედ ახალ სამუშაო ადგილების შექმნას უკავშირდება.
დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთერთ უმშვენიერეს ადგილზე- ქვიშხეთში, კონკრეტულად „რეზორტ მწერლებში”. ეს არის პროექტი, რომელიც განხორციელდა სწორედ სახელმწიფოს თანადაფინანსებით და ხელშეწყობით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი ასეთი პროექტი უნდა განხორციელდეს ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენ ძალიან ბევრს დავდივართ რეგიონებში, ყველა რაიონსა და ქალაქში ჩავდივართ და როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, მიხარია, თუ რა პროექტებია განხორციელებული და როგორი ხელშეწყობაა სოფლად მცხოვრები ადამიანების მიმართ. ძალიან ბევრი ოჯახი იყენებს იმ პროგრამებს, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება, თუმცა ყველა ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, გამოწვევები და ამ ყველაფერს შესაბამისი პასუხები ჭირდება. ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, 24-საათიანი მუშაობით ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ყველა პრობლემა იყოს გადალახული და ყველა გამოწვევას ჰქონდეს შესაბამისი პასუხი.
თქვენ იცით, რომ 31 ოქტომბერს არის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მისი მომავალი განვითარებისთვის. დღეს ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, ესაა სიმშვიდე და სტაბილურობა. 2012 წლის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენთვის ყველაზე მთავარი, ღირებული და ამოსავალი წერტილი არის ადამიანი და ადამიანის კეთილდღეობა. ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები, ყველაფერი მორგებულია ადამიანზე. დარწმუნებული ვარ, ეს განვითარების და სტაბილურობის გზა აუცილებლად შენარჩუნდება და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით შევქმნათ პატარ-პატარა გამარჯვებები, წარმატებების ისტორიები,”- განაცხადა კახა კალაძემ.