ამირან გამყრელიძე: არ მგონია, კიბერშეტევის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ჩვენ გამჭვირვალე ვართ, ეს მორიგი თემის გაღვივებაა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ლუგარის ლაბორატორიაზე კიბერშეტევა ინფორმაციის მოპოვების მიზნით არ მომხდარა და ეს ლუგარის ლაბორატორიის თემის გაღვივების მორიგი მცდელობაა.
„არ მგონია, რომ თავდასხმის ინტერესი ინფორმაცია ყოფილიყო, რადგან ყველა ჩვენი ინფორმაცია გამჭვირვალეა და დევს სხვადასხვა სოციალურ და ვებ-გვერდზე. ხშირად ჩვენი პუბლიკაციები პრესაშია, იქნება ეს სამეცნიერო თუ საზოგადოებრივი პრესა, ამიტომ არ მგონია ეს. უბრალოდ, ვფიქრობ, გუშინ, რომ გამოჩნდა, თითქოს, „ნოვიჩოკი“ მზადდება და მათ შორის ეს ლაბორატორიაც დასახელდა, ეს მორიგი თემის გაღვივებაა. რადგან ლუგარი ქართულ-ამერიკული პროექტი გახლავთ, როდესაც უნდათ, ასე აღვივებენ ამ თემას. ვინც ამ საკითხს აღვივებს, ყოველთვის ცდილობს, რომ დისკუსიაში შეგვიყვანოს და უკვე ამას აღარ ვპასუხობ. ამაზე პირდაპირ ვამბობ, რომ ეს არის მორიგი სისულელე, მორიგი ჭორი, მორიგი ძალიან იაფფასიანი „ტრიუკი“, რომელზეც უნდათ, რომ როგორმე დისკუსიაში შეხვიდე“, – განაცხადა გამყრელიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „რეზიუმეში“.