ირაკლი სესიაშვილი: სააკაშვილი არის მხდალი და მშიშარა, ეს ყველამ ძალიან კარგად იცის
“ჯერ კიდევ პრეზიდენტობის ვადა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჩაჯდა თვითმფრინავში და ქვეყანა დატოვა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შესაძლო დაბრუბაზე საუბრისას განაცხადა.
ირაკლი სესიაშვილი ლოგიკურად მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერმინისტრობის კანდიდატი სწორედ მიხეილ სააკაშვილი იყოს.
„სააკაშვილი არის მხდალი და მშიშარა. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის ვადა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ ჩაჯდა თვითმფრინავში და ქვეყანა დატოვა. მაშინ, როდესაც კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტი იყო, საკუთარ მოქალაქეობაზე უარს იტყვის სხვა ქვეყანაში თანამდებობისა და ძალაუფლების წყურვილით, ეს არის ჩემთვის ყველაფრის მანიშნებელი. ამიტომ, არავის გვიკვირს, რომ მას ეშინია მართლმსაჯულების წინაშე წარდგომა იმიტომ, რომ ამ მართლმსაჯულების უკან არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, საერთაშორისო ექსპერტების შეფასებები იმ მოვლენებისა, რასაც, სამწუხაროდ, მათი მმართველობის დროს ჰქონდა ადგილი.
ლოგიკურია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერმინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილი დააყენოს, რადგან ეს იქნება სრული ლუსტრაცია იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან ასოცირებული პოლიტიკური ძალები გააგრძელებენ სწორედ იმ პოლიტიკას, რაც ემყარებოდა საზოგადოების, სახელმწიფოს, მოსახლეობის ტერორს, წამებას, არაადამიანურ მოპყრობას, ბიზნესის ტერორს და ასე შემდეგ, რაზეც სააკაშვილმა რვა წლის თავზე იძულებით ბოდიში მოიხადა მაშინ, როდესაც დანაშაულებებთან ჰქონდა საქმე და, ამიტომ, პრემიერმინისტრობის კანდიდატად მისი წამოყენება ნიშნავს, რომ გვეუბნებიან, დიახ, სრულიად იგივე უნდა გავაგრძელოთო, ამიტომ ამას მოსახლეობა, ბუნებრივია, მარტივად გაარჩევს და არჩევანს გააკეთებს“, – განაცხადა სესიაშვილმა.