“საარჩევნო კამპანიის დროს ვამბობ და ვეუბნები, რომ ვერ დავპირდები ისეთ გლობალურ რაღაცებს, რასაც ვერ გავაკეთებ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა, კახა კახიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მაჟორიტარის ერთი კონკრეტული დონე არ იძლევა იმის საშუალებას, საბანკო პროცენტები და ვალები ჩამოიწეროს.
„ამას ამომრჩეველს ვერასდროს ვეტყვი. როდესაც შემოთავაზება მივიღე, ამიტომაც იყო ჩემთვის რთული მაჟორიტარობის შემოთავაზების მიღება. საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვერასდროს ვიტყვი ისეთ დაპირებას, რომელსაც არ შევასრულებ. საარჩევნო კამპანიის დროს ვამბობ და ვეუბნები, რომ ვერ დავპირდები ისეთ გლობალურ რაღაცებს, რასაც ვერ გავაკეთებ და „გაუკეთებელია”, მაგრამ რასაც ვიტყვი, რომ გავაკეთებ, აუცილებლად გავაკეთებ.
რა არის მაჟორიტარის ფუნქცია? მისი ფუნქციაა, იყოს ხიდი თვითმმართველობასა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. გარდა ამისა, მაჟორიტარის ფუნქცია არის ის, რომ ის რეგულაციები, რომლებიც ხელს უშლის, მაგრამ მოქმედებს კონკრეტულ დარგებში, შეიცვალოს იმისთვის, რომ პრობლემა მოგვარდეს”, – აღნიშნა კახიშვილმა.