გიორგი ხანიშვილი: მნიშვნელოვანია სასურსათო ხორბლის თვალსაზრისით, ქვეყანა იყოს თვითკმარი

საქართველოში 2021-2027 წლების სტრატეგიის მიხედვით, გათვალისწინებულია სასურსათო უზრუნველყოფის ზრდა ყველა, მათ შორის მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმართულებით.

ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით სიმინდის წარმოების ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რადგან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში სიმინდის ნათესი ფართობები გაზრდილია.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის 2021-2027 წლების სტრატეგიის მიხედვით, ქვეყანაში სასურსათო უზრუნველყოფის ზრდა გათვალისწინებულია ყველა, მათ შორის, მარცვლოვანი კულტურების წარმოების მიმართულებით. გასულ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი ზრდა სიმინდის წარმოების თვალსაზრისით, მიმდინარე წელს ზრდის მაჩვენებელი კიდევ უფრო შთამბეჭდავია, რადგან, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში სიმინდის ნათესი ფართობები გაზრდილია. ამასთანავე, შემუშავებულია პროგრამა, რომელიც ზოგადად მარცვლეული კულტურის განვითარებას ემსახურება. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ეხება სათესლე და სარგავი მასალების გაუმჯობესებას, კატალოგის შემოღებას, ჯიშებზე მეცნიერულ დაკვირვებას და ა.შ. უკვე არსებობს კატალოგი, რომელშიც შეყვანილია ის მაღალპროდუქტიული ჯიშები, რომელიც ქართულ რეალობაში იძლევა უკეთეს შედეგებს. დღეს ბევრი სახელმწიფო პროექტი მუშაობს, რომელიც მარცვლეული კულტურის მწარმოებლებს ეხმარება. გვინდა, ეს პროექტები კიდევ უფრო გაძლიერდეს. წლევანდელი წლის მოსავალი, გასულ წელთან შედარებით, საშუალო სტატისტიკურზე მაღალია. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენ გვინდა. რომ ამ მხრივ, განსაკუთრებით სასურსათო ხორბლის თვალსაზრისით, ქვეყანა იყოს თვითკმარი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ფრანგულ, ავსტრიულ კომპანიებთან და ვფიქრობ,რომ დიდი წარმატებები გვექნება. ასევე ვმუშაობთ ქერის და სიმინდის მიმართულებითაც“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები