წალენჯიხაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთაგან ერთერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოში ტრაქტორის მისაბმელის გადაბრუნების დროს დაშავებული ოთხი მგზავრიდან ერთერთს ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნება.

როგორც “რეგიონულ კვირას” ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, სულხან ორჟონიამ განუცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 4 მგზავრიდან სამის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო მეოთხე დაშავებულის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.

“წალენჯიხის საავადმყოფოდან ჩვენს კლინიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი დაშავებული შემოიყვანეს, ერთერთ ქალბატონს აღენიშნება ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობას გადიან კლინიკის ინტენსიური მედიცინის განყოფილებაში”, – განაცხადა ორჟონიამ.

წალენჯიხაში უბედური შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი შუახნის ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ტრაქტორის მძღოლის მეუღლე, 16 წლის ბიჭი და ორი ქალბატონი დაშავდნენ. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებით ერთი სოფლის მაცხოვრებელი, რამდენიმე ადამიანი გადაადგილდებოდა, ისინი მეზობელს თხილის შეგროვებაში უნდა დახმარებოდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები