გიორგი გახარია: ზოგიერთებმა თქვეს, პრემიერმა 8 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე გზა არის დასაგებიო, არა, ბატონებო, ამ გზას ვაგებდით და კიდევ 8 წელს დავაგებთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულებაა გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს, იყოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი, ეფექტიანი და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება ღირსეულად იშრომოს, თავისი ოჯახის, სოფლის, ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩაქვში განაცხადა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ცოტნე ანანიძე წარადგინა.

„მთავრობის ვალდებულება უნდა იყოს, გაუფრთხილდეს თითოეულ მოქალაქეს, იყოს სამართლიანი, კეთილსინდისიერი, ეფექტიანი და თითოეულ ადამიანს მისცეს საშუალება, ღირსეულად იშრომოს, თავისი ოჯახის, სოფლის ქალაქის და ქვეყნის საკეთილდღეოდ. გასაკეთებელი საქმე ყოველთვის ბევრი გვექნება. ზოგიერთებმა თქვეს, პრემიერ-მინისტრმა 8 წლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ თურმე გზა არის დასაგებიო. არა, ბატონებო! ამ გზას ვაგებდით და კიდევ 8 წელი დავაგებთ და ყველა ერთად გავაგრძელებთ შრომას. ჩვენ არ გვჭირდება ფასადური რეკლამები და პიარი, რადგან დაგებული გზა, აშენებული სკოლა კიდევ უფრო თვალსაჩინო მაგალითია და გაკეთებულ საქმეს ბევრი ხმაური და ყვირილი არ სჭირდება. მაგალითისთვის, ნაპირსამაგრისამუშაოები ქობულეთში, ქობულეთის ბულვარი, ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი, გაზგაყვანილობა ბოლომდეა მისაყვანი, დეტალურად ვიცი მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების პრობლემა ქობულეთში ბინათმშენებლობის ნაწილში და მოსაფიქრებელი გვაქვს რაღაც, რომ ეს ყველაფერი მიწისქვეშ ჩავიტანოთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ მთავრობის საზრუნავი, ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და ერთად ვიშრომოთ იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ პატარა ლამაზ კუთხეს და ლამაზ ქვეყანას. ეს არის ჩვენი მიზანი ყველანაირი ხმაურის, ყვირილის და რეკლამის გარეშე, წყნარად, მშვიდად, ვისაც რა უნდა, ის ილაპარაკოს, ჩვენ კი მშვიდად გავაკეთოთ ჩვენი საქმე. ამ ნაწილში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება თქვენი წარმომადგენელი როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. დარწმუნებული ვარ, ეს ღირსეული ადამიანები გააგონებენ თითოეული ქობულეთელის ხმასა როგორც პარლამენტში, ასევე უმაღლეს საბჭოში. ჩვენ ყველა ერთად, რაც მთავარია სამართლიანად, მშვიდად უნდა მივიდეთ 31 ოქტომბერს და რა თქმა უნდა, სამართლიანად გავიმარჯვოთ. გამარჯვებას გისურვებთ!,”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები