გია ჟორჟოლიანი: თუ გვინდა, შევცვალოთ ხელისუფლება – შევცვალოთ ოპოზიცია
“თუ გვინდა, შევცვალოთ ხელისუფლება, შევცვალოთ ოპოზიცია”, – ამის შესახებ ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ ლიდერმა, გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.
როგორც მან დააანონსა, 14 სექტემბერს წარადგენენ საარჩევნო პლატფორმასა და პოლიტიკური გუნდოს წევრებს.
,,ქართული პოლიტიკური სივრცე ორი ძალის დაპირისპირების ასპარეზად იქცა. ურთიერთბრალდებებმა და კინკლაობამ ჩვენი ყოველდღიური რეალობა წალეკა. ამ ფონზე შეუძლებელია ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაზე მსჯელობა, რაც დამღუპველია საქართველოს მომავლისა და განვითარებისთვის.
პოლიტიკური ვითარების შესაცვლელად აუცილებლად მიგვაჩნია “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი მოკავშირეების მინიმუმამდე დაყვანა ქართულ პოლიტიკაში, რათა მეტი ასპარეზი მიეცეს ჯანსაღ პოლიტიკურ ოპონირებას ,,ქართული ოცნების“ მიმართ.
თუ გვინდა შევცვალოთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკა და ხელისუფლება, უნდა შევცვალოთ ოპოზიცია. ჩვენი მიზანია ქვეყნის პოლიტიკური ელიტის რადიკალური ცვლილება.
იმისათვის, რომ არ გაიყოს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგეთა ხმები, ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ არ წარვადგენთ ჩვენი პარტიის კანდიდატებს მაჟორიტარულ ოლქებში და მოვუწოდებთ ამომრჩეველს მხარი დაუჭიროს ნაციონალური მოძრაობის მოწინააღმდეგე კანდიდატს.
ჩვენ მთელ ძალებს მივმართავთ პროპორციული სიით მაღალი შედეგის მისაღწევად. პარლამენტში მოვხვდებით სერიოზული წარმომადგენლობით და გადამწყვეტ გავლენას მოვახდენთ ქვეყნის განვითარებაზე.
14 სექტემბერს ჩვენ წარვადგენთ საარჩევნო პლატფორმას და პოლიტიკური გუნდის წევრებს, რომლებიც პარტიის პროპორციულ სიაში იქნებიან.
თუ გვინდა შევცვალოთ საქართველოს მომავალი, მხარი დაუჭირეთ პარტიას ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის”,
– განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.