ნარკორეალიზატორები წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე “დადების მეთოდით” ასაღებდნენ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას – შსს-მ თბილისში 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ორი ნარკორეალიზატორი დააკავა.

უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების 7-დან 14 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული გ.პ. და 2001 წელს დაბადებული ლ.მ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის, გასაღებისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა დაგეგმეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საფოსტო გზავნილით შეძენა და „დადების მეთოდით“ გასაღება. დანაშაულის სისრულეში მოყვანის მიზნით, საფოსტო გზავნილი ჩამოვიდა საქართველოში. ამანათში მოთავსებული იყო ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველი ფხვიერი მასა, რომელიც ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიეკუთვნება.

წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე ნარკოტიკული საშუალების „დადების“ ორგანიზების მიზნით, დაკავებულები ერთმანეთს შეხვდნენ, რა დროსაც ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბრალებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-260-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და გასაღების მომზადებას, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენასა და შენახვას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები