“მოხატეთ მეგობრებო კედლები, გააცოცხლეთ “უსულო”, მიტოვებული შენობები”- 31 წლის მხატვარი რუსთავის ქუჩის კედლებს ხატავს

31 წლის მხატვარმა, თამარ ფეიქრიშვილმა გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები ქალაქის და მოქალაქეების გასახალისებლად გამოეყენებინა და რუსთავის ქუჩების კედლების მოხატვა დაიწყო.

იმის მიუხედავად, რომ თამარს საკუთარი სამხატვრო სტუდია აქვს, მაინც გადაწყვიტა  ქუჩის მხატვრობისთვის მოეკიდა ხელი. როგორც ის “რეგიონულ კვირასთან” საუბარში ამბობს, მხატვრობას მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და დიდი ხანია, რაც ხატავს.

“ეს ჩემი მაცოცხლებელია. ჩემს დადებით ენერგეტიკას მოსწავლეებს გადავცემ. მინდა, თითოეულს შთავაგონო ის სიყვარული, რაც სჭირდება მხატვრობას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, კედლებს გარეთ გამოვსულიყავი და ღია სივრცეში დამეწყო ხატვა. მე რუსთავში ვცხოვრობ და ჩემი აზრით, ჩვენ ქალაქს სიფერადე, მკვეთრი ფერები და სილაღე ძალიან სჭირდება“, – გვიყვება ახალგაზრდა მხატვარი.

ამბობს, რომ მის მოსწავლეებს ეშინიათ ქუჩის კედლების მოხატვა, რადგან მოლოდინი აქვთ, რომ ამის გამო დაისჯებიან.

„ბევრჯერ გამივლია ქუჩაში და კედლებზე უწმაწური სიტყვები წამიკითხავს. ამ სიტყვების ნაცვლად, რა ჯობია ლამაზ, ნათელ ფერებს რომ დაინახავ  და სხვადასხვა ფიგურებს. ჩემი აზრით, ესთეტიკური სანახავია და კარგ განწყობაზეც აყენებს ადამიანს. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მოხატეთ მეგობრებო კედლები, შეიტანეთ თქვენი წვლილი ქალაქის გალამაზებაში, გააცოცხლეთ “უსულო”, მიტოვებული შენობები“,- ამბობს თამარი.

ახალგაზრდა მხატვარმა ეზოში რამდენიმე კედელი მოხატა და მისდა გასაკვირად, მეზობლებისგან დიდი მხარდაჭერა იგრძნო. ისინი ახალგაზრდა მხატვრის წამოწყებას დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ შენობები, სადაც აქამდე მხოლოდ უცენზურო სიტყვებს ხედავდნენ, საოცრად ლამაზი და სასიამოვნო საყურებელია.

როგორც „რეგიონული კვირას“ ერთერთმა მეზობელმა, თამაზ ენუქიძემ განუცხადა, ქუჩის მხატვრობა ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავსად მოხატული შენობები ქალაქში ბევრი უნდა იყოს.

„ ყველა შენობაზე ასეთ ფერად გამებს რომ ვხედავდეთ, ძალიან კარგი იქნებოდა, დილით გამოდიხარ და ამდენ მშვენიერ ნამუშევარს ხედავ, მოხუცებს და ბავშვებს ძალიან უხარიათ და მოსწონთ. რაც თამარმა მოხატა, ის კედლები სულ უცენზური სიტყვებით იყო აჭრელებული, მან კი მშვენივრად გაგვილამაზა “,– ამბობს თამაზ ენუქიძე.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები