მეუფე შიო: საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას

“ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა დღევანდელი დღე, რადგან საქართველო არის წილხვედრი ღვთისმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას, უფალმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება და გამრავლება”,- ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს, დღეს არის მიძინება ყოვლაწმინდისა ღვთისმშობლისა, უდიდესი დღესაწაული, როდესაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მიიძინა. მის მიცვალებას, მიძინებას უწოდებს წმინდა ეკლესია. თქვენ იცით, რამდენი სასწაული ახლდა ამ მოვლენას, რომ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელმა ხრწნილება არ იხილა, არამედ სხეული მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. ასე დასრულდა მისი მიწიური ცხოვრება. გახსოვთ წინასწარმეტყველება, რომელიც მას ეთქვა, რომ იგი შობს მესიას და მახვილი გაივლის მის გულში. ეს მძიმე, განსაცდელებით აღსავსე მიწიური ცხოვრება დასრულდა ამ დღეს.

ჩვენ ვადიდებთ ამ შესანიშნავ დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და ვფიქრობთ, რა დაგვიტოვა მან ჩვენ, რა მცნებები და ანდერძი დაგვიტოვა. ჩვენ გვახსენდება ასევე წინასწარმეტყველება, რომელიც მას ეთქვა და რომელიც მან თქვა, რომ ყოველ სიტყვას ჩვენისა უფლისა იესო ქრისტეს, მისი ძის, ღმერთკაცის, იგი გულში იმარხავს. საერთოდ, სახარებაში მის შესახებ ძალიან მცირე რამაა ნათქვამი, მცირეა მის მიერ წარმოთქმული სიტყვები.

ჩვენ გულში უნდა ვიმარხავდეთ უფალი იესო ქრისტეს სიტყვებს, ყველაფერს და ასევე აღვასრულოთ მისი მცნებები. სახარებას ხშირად ვკითხულობთ და ხან ერთი რაღაც მონაკვეთი იმოქმედებს განსაკუთრებით ჩვენზე, ხან მეორე, ეს ყოველთვის განახლებადია და ნიშნავს, რომ უფალი ამ სიტყვებით მოგვმართავს. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში ჩავუღრმავდეთ ღვთის მცნებებს, მის სიტყვებს, ვეცადოთ, განვიწმინდოთ ჩვენი ცოდვები, რათა მოვემზადოთ გარდაცვალებისთვის. დღევანდელი დღე სწორედ იმას გვეუბნება, რომ გარდაცვალება ეს არ არის რაღაც საშინელი რამ, არამედ ეს არის საგანი ჩვენი იმედისა და სიხარულისა, ჩვენი მარადიული ცხოვრების სასოებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაგახაროთ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რადგან საქართველო არის წილხვედრი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, ეს არის ნიშანი, რომ ღვთისმშობელი განსაკუთრებით მფარველობს ჩვენს ქვეყანას, უფალმა ინებოს ჩვენი ერის გადარჩენა, გამთლიანება და გამრავლება“, – განაცხადა მეუფე შიომ.

სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები