ბენ ჰოჯესი: მთავრობა იქამდე მივიდა, რომ პარლამენტს ღამის სხდომების ჩატარება დაავალა და კანონში კომუნიკაციების შესახებ ცვლილებები მიაღებინა

კომპანია “NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია “კავკასუს ონლაინის” 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც “კავკასუსითვის” მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა. „კავკასუს ონლაინმა“ მოთხოვნის შესრულება შეუძლებლად მიიჩნია.
კომუნიკაციების კომისიამ და მთავრობამ გადაწყვიტეს პრობლემა საკანონმდებლო ცვლილებების გზით მოეგვარებინათ და პარლამენტს ცვლილებების პაკეტი შესთავაზეს. კანონის ცვლილების რეალურ მიზეზად ბევრი ექსპერტი, პოლიტიკოსი და უცხოელი დიპლომატი სწორედ „კავკასუს ონლაინსა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის წარმოქმნილ პრობლემას ასახელებს. პარლამენტმა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებები საზაფხულო სესიის მიწურულს, არდადეგებამდე ბოლო კვირაში, დაჩქარებული წესით მიიღო.
სკანდალური კანონი საერთაშორისო ყურადღების საგნად იქცა.
რამდენიმე დღის წინ, ევროპაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყოფილმა ხელმძღვანელმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა საქართველოს ხელისუფლების მხრდან ციფრული აბრეშუმის დერეფნის პროექტის განვითარებისთვის ხელის შეშლის შესახებ “ტვიტერზე” დაწერა. გუშინ ამერიკულმა გამოცემა The Hill გამოაქვეყნა გენერლის სტატია, სადაც ის ტელესაკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ საქმის გარშემო მიმდინარე მოვლენებს განიხილავს და კვლავ აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას, კომუნიკაციების კომისიას და საქართველოს პარლამენტს არასწორი გადაწყვეტილებით ქვეყნის იმიჯის და საინვესტიციო გარემოს დაზიანების გამო. 

„გასულ წელს აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელიც ევროპიდან აზიაში ოპტიკურ-ბოჭკოვან ციფრულ კორიდორს აშენებს, ქართული კავშირგაბმულობის კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი 61 მილიონ დოლარად შეიძინა. გარიგების მიზანი კორიდორის ქართული ნაწილის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. აზერბაიჯანული კომპანიის წარმომადგენლები რამდენჯერმე შეხვდნენ საქართველოს ხელისუფლებას და კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებს და მათ არაერთხელ მიაწოდეს ინფორმაცია განზრახვის შესახებ.
ამ გარიგების მომხრეები იქნებოდნენ საქართველო, აშშ და ევროპა, რადგან იზრდებოდა ქვეყნის რუსეთისგან ციფრული დამოუკიდებლობის ხარისხი. შარშან ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებული კიბერშეტევის შემდეგ, რომელზეც პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა, უსაფრთხოება ამ მიმართულებით საქართველოსთვის გახდა პრიორიტეტული, განსაკუთრებით იმ მიზეზით, რომ დიფერენცირების ალტერნატიული მარშრუტი ირანი და თავად რუსეთი შეიძლება იყოს“ – წერს ამერიკელი გენერალი.
ჰოჯესი აკრიტიკებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და გამოთქვამს ეჭვს, რომ „კანონში კომუნიკაციების შესახებ“ ცვლილებები, რაც საინვესტიციო გარემოს მკვეთრად აზიანებს, ქვეყნის მთავრობის ზეწოლით არის მიღებული:
„მიუხედავად ამისა, როცა უკვე გარიგება შემდგარია, საქართველოს ხელისუფლება ყველაფრის ჩაშლას ცდილობს – იქამდე მივიდა, რომ პარლამენტს ღამის სხდომების ჩატარება დაავალა და კანონში კომუნიკაციების შესახებ ცვლილებები მიაღებინა. მიღებული ცვლილებები საქართველოს კომუნიკაციების კომისიას კერძო ბიზნესში ჩარევის, დასავლური დემოკრატიისთვის გაუგონარ უფლებებს ანიჭებს.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უფლება, რაც საკანონმდებლო ცვლილებებმა კომისიას მიანიჭა, დროებითი მმართველის ინსტიტუტის შემოღებაა, რომელსაც შეუზღუდავად შეუძლია კავშირგაბმულობის კომპანიების საქმიანობაში ჩაერიოს. მათ მიანიჭეს უფლება, გაათავისუფლონ და დანიშნონ კომპანიების დირექტორები; შეცვალონ სამეთვალყურეო საბჭოების შემადგენლობა; გაასაჩივრონ ხელშეკრულებები, რომლებიც კომპანიებს მათ დანიშვნამდე აქვთ გაფორმებული; შეუზღუდონ კომპანიებს უფლება გაანაწილონ მოგება, გასცენ დივიდენდები ან ბონუსები ან გაზარდონ ანაზღაურება. ეს არის კორუფციის ხელშეწყობა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა, რაც სხვა დარგებზეც შეიძლება გავრცელდეს.
ბენ ჰოჯესი „საქსტატის“ ინფორმაციას იშველიებს და ამბობს, ხელისუფლების ისეთი ქმედება, რაც „კავკასუს ონლაინთან“ დაკავშირებით მოხდა, აზარალებს საინვესტიციო გარემოს: „საქსტატის მონაცემების მიხედვთ, 2017 წლის შემდეგ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 40%-ით არის შემცირებული და ამაში დამნაშავე ხელისუფლებაა.
კერძო ინვესტიციები მესამე დასაყრდენია თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და დიპლომატიის გვერდით, რომელიც ქვეყნის განვითარების, უსაფრთხოების და სტაბილურობის გარანტი შეიძლება გახდეს, თუ საქართველოს დასავლური ლიბერალიზმის მიმართულებით სურს განვითარება. საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის დასავლეთში, უსაფრთხოების და უკეთესი ცხოვრების გარანტიების მისაღებად, ის კიდევ უფრო მიმზიდველი უნდა გახდეს უცხოელი ინვესტორებისთვის და კერძო ინვესტიციებისთვის. განსაკუთრბით სამწუხაროა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ ქვეყნის ხელისუფლება სხვა მიმართულებით მიდის“ – წერს გენერალი.
შეგახსენებთ, რომ გენერალმა ჰოჯესმა „ტვიტერზე“ გააზიარა ინტერვიუ ამერიკელ დიპლომატ კურტ ვოლკერთან, რომელიც აღნიშნავს, რომ „საქართველოს კანონში კომუნიკაციების შესახებ“შესული ცვლილებები ქვეყანაში ბიზნესკლიმატზე ნეგატიურად აისახება.
ვოლკერი პირდაპირ ამბობს, რომ ამ კანონის მიღება კონკრეტული კომპანიის – “კავკასუს ონლაინის” წინააღმდეგ მოხდა და “კავკასუსის” ახალი მეწილე NEQSOL ჰოლდინგი კი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ციფრული დერეფანის განვითარებაზე მუშაობს.
კურტ ვოლკერი: “კანონი უკვე მიღებულია და ამჟამად ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იმას, თუ როგორ მოხდება რეალობაში მისი იმპლემეტნაცია. ვფიქრობ, რომ მიღებულ ცვლილებას ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის დაზიანება შეუძლია და რომ ინვესტორები ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას“.
ჰოჯესმა რამდენიმე დღის წინაც მოუწოდა კომუნიკაციების სფეროს მარეგულირებელს, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება და გაითვალისწინოს რუსეთის ფაქტორი.
“სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველოს მთავრობა ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ახალ ციფრულ მაგისტრალთან დაკავშირებით უშვებს იმავე შეცდომებს, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით იყო დაშვებული. მოვუწოდებ საქართველოს კომინიკაციების ეროვნულ კომისიას პრიორიტეტად აქციოს ის, რაც საქართველოსთვის არის უკეთესი და პატივი სცეს ქვეყნის ციფრულ დამოუკიდებლობას რუსეთისგან”, – წერდა გენერალი ბენ ჰოჯესი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები