არჩილ თალაკვაძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა და საქართველო-აზერბაიჯანის ახალ დღის წესრიგზე იმსჯელა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დურსუნ ჰასანოვთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ელჩი საქართველოში დიპლომატიურ მისიას ასრულებს.
საქართველოს პარლამენტის პრესცენტრის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქმიანობა შეაჯამეს და საქართველო-აზერბაიჯანის ახალ დღის წესრიგზე იმსჯელეს. შეხვედრაზე განიხილეს, საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, საპასუხოდ გატარებული ზომები, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროებში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და ტურიზმის სფეროებში, ისაუბრეს რეგიონში უსაფრთხოების საკითხებზე.
პარლამენტის თავმჯდომარემ და აზერბაიჯანის ელჩმა ხაზი გაუსვეს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, სტრატეგიულ პარტნიორობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ორმხრივი საპარლამენტო თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობას.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს, დურსუნ ჰასანოვს საქართველოში საქმიანობის პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და განვითარებისთვის და მომავალ დიპლომატიურ სამსახურში წარმატებები უსურვა.