“პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებაზე, იმ სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მტრული განწყობები აქვს, კითხვები არ უნდა დარჩეს”
“არანაირი შეკითხვა არ უნდა დარჩეს პოლიტიკური ჯგუფის იმ სახელმწიფოს მიერ შესაძლო დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში მტრული განწყობები აქვს”,- ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.
„მე მიმაჩნია, აბსოლუტურად ყველა ბერკეტი უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ არანაირი შეკითხვები არ დარჩეს რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ისეთ დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიძლება ასოცირებული იყოს ჩვენს ქვეყანასთან მტრული განწყობების მქონე სახელმწიფოებთან.
ჩვენთვის ყოველთვის იყო წყალგამყოფი და „ქართული ოცნება” გამორიცხავდა რაიმე ტიპის თანამშრომლობას ისეთ პოლიტიკურ ჯგუფებთან, რომლებსაც ჰქონდათ სიმპათიები, დამოკიდებულება და ინტერესები რუსეთთან. შესაბამისად საინტერესოა, გარკვეული პერიოდის წინ ისინი რომ აცხადებდნენ, რომ ითანამშრომლებდნენ პრორუსულ ჯგუფებთან, როგორია მათი დამოკიდებულება დღეს? მათ უნდა აუხსნან საზოგადოებას როგორ ხდება, რომ ისინი თავს უწოდებენ პროდასავლურ ჯგუფებს, თუმცა მაგიდასთან სხედან ბურჯანაძესთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ოქრუაშვილთან და კიდევ ბევრ სხვა ადამიანთან, უნდა გაირკვეს ახლა, როგორ აპირებენ ისინი თანამშრომლობას პრორუსულ ჯგუფებთან”, -განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.