მაია ცქიტიშვილი მამუკა ხაზარაძის წერილზე: ამ წერილთან პრემიერს მაშინაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა
“ამ წერილს ბატონ გახარიასთან მაშინაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ პირველივე დღიდან ვსაუბრობდით, რომ ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი, ამ წერილს ბატონ გახარიასთან მაშინაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა და რაც ნამდვილად მინდა, კომენტარის სახით გავაკეთო, გადასარჩენი გახარიას არაფერი სჭირს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს, პარლამენტის საბიუჯეტო-საფინანსო კომისიაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა.
პროკურატურამ გუშინ გაავრცელა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე დანიშნული დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნით, მამუკა ხაზარაძის წერილზე არსებული თითის ანაბეჭდები არ ეკუთვნის გიორგი გახარიას.