გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვანი ზ.ხ. შიმშილობას იწყებს
“ჩემმა შვილმა სასამართლოზე დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს, სანამ მის ჩვენებას სიცრუის დეტექტორზე არ გაატარებენ”,- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ერთერთი არასრულწლოვნის ზ.ხ-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს გენერალურ პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას მეუღლესთან ერთად თავადაც აპირებს.
“ჩემმა შვილმა სასამართლოზე დღეს ოფიციალურად განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებს, სანამ სიცრუის დეტექტორს არ გამოიყენებენ – ის ითხოვს, მისი ჩვენება სიცრუის დეტექტორზე გაატარონ. ჩემმა შვილმა ჩამოაყალიბა, რომ პროკურორი, რომელიც ბრალს სდებს, ჩვენება გააყალბა, პირადი ინტერესი აქვს, მოსამართლემ ჩემს შვილს არ დაუჯერა.
ახლა მივდივარ გენერალური პროკურატურის წინ, სადაც შიმშილობას ვიწყებ, ჩემი მეუღლეც შემომიერთდება. ასევე შიმშილობას იწყებს ყველა იმ ადამიანის მშობელი, ვინც „ტოიოტა ქამრის” მარკის ავტომობილში იჯდა”, – განაცხადა ხომასურიძემ.