გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლომ ექვსი არასრულწლოვნის საქმის არსებით განხილვა დაიწყო.
გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს ადვოკატი, გიორგი გელხაური აცხადებს, რომ დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
“მხარეები, კერძოდ ბრალდების მხარე, ასევე დაცვის მხარე წარმოადგენენ შესავალ სიტყვას. შემდეგ უკვე დაიწყება მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი. პირველ ეტაპზე იქნება ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, შემდგომ დავიწყებთ უკვე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევას. ბრალდებულები დააფიქსირებენ მის პოზიციას. საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება ზ.ხ.-ს შემხებლობა გარდაცვლილ შაქარაშვილთან და ის ბრალი, რაც მას ბრალად აქვს შერაცხული. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, შემდეგ უკვე მოხდება იმ მოწმეების გამოკითხვა, მტკიცებულებების გამოკვლევა, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა დღევანდელ პროცესზე”,- განაცხადა გელხაურმა.