ანა ბუჩუკური არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებებზე: ფართოვდება არასრულწლოვანთა წრე, რომლებსაც უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ექნებათ

“საქართველოს პრემიერმინისტრის თავმჯდომარეობით მოქმედი ადამიანის უფლებათა უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბავშვთა უფლებების მიმართულებით”,- ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსმა, ანა ბუჩუკურმა, არასრულწლოვნების საქმეთა ახლად შექმნილი მთავარი სამმართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა.

ანა ბუჩუკურმა ხაზი გაუსვა, რომ ეს იქნება დამატებითი დაცვის მექანიზმი, გამოძიების ეტაპზე არასრულწლოვნების ინტერესების დასაცავად.

მისი შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

„რამდენიმე დღის წინ, ასევე, საქართველოს მთავრობის სხდომაზე გავიდა კანონპროექტი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტში უახლოეს დღეებში იქნება ინიცირებული. ამ ცვლილებით ფართოვდება არასრულწლოვანთა წრე, რომლებსაც ექნებათ უფლება, ისარგებლონ უფასო იურიდიული დახმარებით, კერძოდ, აბსოლუტურად ყველა არასრულწლოვანი მოწმე და გამოსაკითხი პირი სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა სტადიაზე ისარგებლებს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით, მიუხედავად იმისა, არის თუ არა არასრულწლოვანი და მისი ოჯახი გადახდისუუნარო და განურჩევლად იმისა, რა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე ხდება მისი გამოკითხვა. ამ ცვლილებების აღსასრულებლად, ბუნებრივია, საჭიროა დამატებითიფინანსური რესურსის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც ასევე უზრუნველყოფილი იქნება 2021 წლის საბიუჯეტო კანონით”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები