პრემიერი: „ქართული ოცნებისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა, ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი

“მოგესალმებით კუთხეში, სადაც ბრძოლის ფასიც იციან, სითამამეც და სტუმარ-მასპინძლობაც“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანში, საგარეჯოში, სიღნაღსა და დედოფლისწყაროში, დავით სონღულაშვილი წარადგინა.

„შრომა აქ, კახეთის ამ რეგიონში არ არის ფუჭი სიტყვა და ამის დამადასტურებელი ფაქტი არის ის, რომ 2012 წელს სრულად კახეთში წარმოებული იყო 52 000 ტონა ყურძენი. 2019 წელს კახეთში შარშან ჩვენ ყველამ ერთად ვაწარმოეთ და ჩავიბარეთ 278 000 ტონა ყურძენი -ხუთჯერ მეტი. ეს იყო უფრო ხარისხიანი, უფრო კარგი. წელს ჩვენ ველოდებით უფრო მეტს – დაახლოებით 300 000 ტონა ყურძენს. მერე ვიღაც გვეტყვის, რომ სოფლის მეურნეობა არ არის მნიშვნელოვანი. სოფლის მეურნეობა მნიშვნელოვანია და როგორც აქამდე სახელმწიფო ეხმარებოდა გლეხს, ფერმერს, გააგრძელებს ამ დახმარებას და ამისი ყველაზე კარგი მაგალითი იქნება წლევანდელი რთველი. ამ დახმარების ყველაზე  კარგი მაგალითი წელს იყო ის, როგორც იყო ატამი ჩაბარებული. ამ მიხმარების ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის, როგორ ვაშლის მოსავალსაც მივიღებთ წელს გორის რეგიონებში. ამიტომ, შრომა უნდა იყოს დაფასებული და არც ერთი მტკაველი მიწა უპატრონო და დაუმუშავებელი არ უნდა დარჩეს. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის” ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ გასაკეთებელი საქმე უამრავია. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმეა დაწყებული, რომელიც ბოლოშია გასაყვანი და დასასრულებელი. ბევრი დრო არ გვაქვს, ეს პანდემიაც დაგვემატა, მაგრამ შინაარსობრივად რომ მივყვებით, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ პირველ რიგში, ჩვენს შვილებს, ახალგაზრდობას, შევუქმნათ ყველა პირობა იმისთვის, რომ ქვეყანაში მიიღონ კარგი განათლება, იყვნენ მაგრები, ეფექტურები და ქვეყნიდან რომ გავლენ, როცა დაიზრდებიან და კონკურენციაში შევლენ სხვა ქვეყნის ახალგაზრდებთან, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდები იყვნენ ძლიერები. ჩვენი ვალდებულებაა და ეს ასეც უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ღვაწლმოსილი მოხუცები, ჩვენი პენსიონერები იყვნენ უზრუნველყოფილები, რომ მათ სოციალურად ჰქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ნორმალური ცხოვრება გააგრძელონ. იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, მშრომელ ადამიანებს უნდა მივცეთ სამართლიანი გარემო იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეუქმნას ყველა პირობა, რომ მშრომელმა ადამიანმა იშრომოს, იზრუნოს თავის ოჯახზე და რა თქმა უნდა, არ იყოს დამოკიდებული სახელმწიფოზე. ჩვენი ძირითადი ზრუნვის საგანია ბავშვი, ახალგაზრდა, განათლება, მოხუცი, ღვაწლმოსილი მოხუცი, მისი პენსია, მისი სოციალური უზრუნველყოფა, მისი ჯანმრთელობა და ჩვენ ყველა უნდა ავდგეთ და ვიშრომოთ და ამისთვის სახელმწიფომ უნდა შექმნას შესაბამისი სამართლიანი გარემო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რის კეთებასაც გავაგრძელებთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, პოლიციელი თუ დეპუტატი – ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს.

„ყველას კარგად გვესმის, რომ ასაშენებელი ამ ქვეყანაში კიდევ ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ მე შემიძლია ბევრი ჩამოვთვალო თუ რა გაკეთდა, გაკეთდა ბევრი წყალმომარაგებისთვის და წყალმომარაგების სისტემის გასაუმჯობესებლად, მაგალითად, სოფელ უდაბნოში არასოდეს წყალი რომ არ ყოფილა, დღეს წყალი აქვთ. თუმცა ისიც კარგად ვიცი, რომ საგარეჯოში წყალი ორი წლის უკან უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ახლაც ჯერ კიდევ გრძელდება რეაბილიტაცია და გპირდებით, რომ 2021 წლის გაზაფხულამდე 24-საათიანი წყალმომარაგება აქაც დასრულებული იქნება. სკოლები და საბავშვო ბაღები – კი მიმდინარეობს მათი რეკონსტრუქცია და ახლის მშენებლობა, მაგრამ არ არის ეს საკმარისი და ამ ბავშვებს ის გარემო უნდა შევუქმნათ რომ მათ ნორმალური განათლება მიიღონ და ეს პროცესიც გაგრძელდება. მაგისტრალური გზები, რომლებიც  ნორმალურ მდგომარეობაშია, კიდევ ბევრია სამუშაო, ბოლო-ბოლო კახეთი-თბილისის დამაკავშირებელი გზა რეაბილიტაციას მოითხოვს და ესეც გასაკეთებელია. ბევრი რამ არის კიდევ გასაკეთებელი და ეს ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. არ არის იმაზე უფრო დიდი ღირსება ვიდრე როგორც რიგითი ჯარისკაცი, შენს ადგილზე, ფერმერი, მუშა, სახელმწიფო მოღვაწე, ჯარი, პოლიციელი, დეპუტატი – ემსახურო შენს ქვეყანას და შენს რეგიონს. მე დარწმუნებული ვარ, რომ დავით სონღულაშვილი, როგორც ამ კუთხის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, ამბიციური ადამიანი თავის რეგიონს წარმოადგენს პარლამენტში ღირსეულად და თქვენი ხმა ღირსეულად გაისმება საქართველოს პარლამენტში. წარმატებებს გისურვებთ და გამარჯვებას!”- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები