“მეორე და მეცხრე ტალღა ჯერ ადრეა, მაგრამ თუ არ დავიცავთ წესებს, მოხდება იგივე, რაც ხდება მსოფლიოში, მეზობელ ქვეყნებში”

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაზე საუბარი ჯერ ადრეა.
​როგორც იმნაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, იმასთან შედარებით, რაც ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე იყო, გაცილებით მეტი ცოდნა დაგროვდა, მაგრამ კორონავირუსი ჯერაც ისეთივე ამოუხსნელი და იდუმალი რჩება, როგორიც თავიდანვე იყო.
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი არ მომატებულა მისი ბუნების გამოცნობაში. იგივე ეხება, მაგალითად, იმუნიტეტი როგორ რჩება, რა მექანიზმები მუშაობს, ანტისხეულები რამდენ ხანს რჩება და ა.შ. მაგრამ იმასთან შედარებით, რაც პირველ თვეში ვიცოდით, გაცილებით მეტია ცნობილი ვირუსზე. აქედან გამომდინარე, მეორე და მეცხრე ტალღა ჯერ ადრეა. ვნახოთ, რა იქნება, როგორ იქნება. საბედნიეროდ, ჩვენს ქვეყანაში პირველი ტალღაც პრაქტიკულად არ ყოფილა, რასაც მართლა მაღალი ავადობა ჰქვია, ისე გადავიტანეთ ეს პერიოდი და აქ ძირითადი არის ერთი რაღაც – დავიცავთ ადამიანები ელემენტარულ წესებს, ნიღაბი გვექნება, დისტანციას დავიცავთ, ხელებს დავიბანთ – ვირუსი იქნება, მაგრამ შემაწუხებლად ბევრი და დიდი არ იქნება. თუ არ დავიცავთ ამ წესებს, მაშინ გავიხედოთ, რა ხდება მსოფლიოში, მეზობელ ქვეყნებში – მოხდება იგივე“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
​მისივე თქმით, ქვეყანა კორონავირუსის ტალღისთვის ახლაც მომზადებულია.
​„მხოლოდ 1283 ადამიანია ინფიცირებული და 17 დაიღუპა. იანგარიშეთ, რომ 1200 ადამიანი კი არა, როგორც ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია, 50 000 გახდეს, რამდენჯერ მეტი ადამიანი დაიღუპება? აი, ეს არის. და რაც უფრო მეტი ავადმყოფი იქნება, მით ნაკლები ყურადღება შეიძლება, იყოს თითოეული ადამიანისადმი. რატო იღუპებოდა პანტაპუნტით ხალხი იტალიაში, საფრანგეთში – რა, ცუდი ექიმები ჰყავთ ან ცუდი სამედიცინო სისტემაა? არა, უბრალოდ, როცა ამდენი ავადმყოფია, შესაბამისად, ვეღარ ახერხებს ყველასთვის სათანადო დახმარების აღმოჩენას. აი, ეს არ გვინდა, რომ მოხდეს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ არის უმარტივესი წესი – ნიღაბი, დისტანცია, და 500-კაციანი ქორწილები და ქელეხები არ არის საჭირო“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პაატა იმნაძემ.

წყარო: 1TV.GE

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები