მინსკსა და ბელორუსის 10-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო მუხტი არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის დატოვება ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მოუწია, ხალხს ქუჩა არ დაუტოვებია და გვიან ღამით სამართალდამცველებთან შეტაკება ისევ მოხდა.
მინსკში ხალხის დასაშლელად სპეცრაზმმა ხმოვანი ყუმბარები და რეზინის ტყვიები გამოიყენა. შეტაკებები ქალაქის რამდენიმე რაიონში იყო, საიდანაც სასწრაფო დახმარების მანქანები და პოლიციის ავტომობილები გამოდიოდნენ, რომლებსაც დაკავებულები განყოფილებაში გადაჰყავდათ.
მინსკში დემონსტრანტებისთვის ხელის შესაშლელად დაკეტილი იყო შვიდი მეტროსადგური, ქალაქში მობილიზებულია სპეცტექნიკა.
საპროტესტო აქციები ქვეყანაში 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც, ცესკო-ს მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით შეტაკებებში ასობით ადამიანი დაშავდა, ერთი გარდაიცვალა. დაკავებულია 3 ათასამდე პირი, დაკავებულებს თავისუფლების 15 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.