გია ვოლსკი: ლევან კობერიძე კომპეტენტური მოწინააღმდეგეა, თუ მან “ლელო”-ში გაწევრიანება გადაწყვიტა, ეს მისი ნებაა
“ლევან კობერიძე კომპეტენტური მოწინააღმდეგეა, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც არათუ არ ვეთანხმები, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრები გვაქვს”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი პარტიაში – “ლელო საქართველოსთვის” დეპუტატ ლევან კობერიძის გაწევრიანებას.
ვოლსკის თქმით, “ლელო“ პოლიტიკურ ასპარეზზე უცნაურ პერიოდში გამოჩნდა.
“ლელო“ პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან უცნაურ პერიოდში გამოვიდა – მაშინ, როცა საკმაოდ სერიოზულ კითხვებზე პასუხი ვერ გასცა, თუ რა იქნა ის 17 მილიონი დოლარი, რომელიც სესხად იყო გაცემული. რასაკვირველია, არავის აქვს უფლება, წინასწარ დაადგინოს ან ვინმეს დააბრალოს კონკრეტული დანაშაული, მაგრამ ამ დანაშაულზე არსებულ ეჭვებზე პასუხის გაცემა ვალდებულებაა. ჩემი გადმოსახედიდან, „ლელო“ სწორედ ამ პროცესებთან ასოცირდება. თუ მას პოლიტიკური ფიგურები შეუერთდებიან და გარკვეულ სტრატეგიულ გეგმას წარმოადგენს, საზოგადოება გადაწყვეტს, არჩევნებზე მხარი ვის დაუჭიროს. ლევან კობერიძე კომპეტენტური მოწინააღმდეგეა, თუმცა არის საკითხები, რომლებშიც არათუ არ ვეთანხმები, არამედ აბსოლუტურად განსხვავებული აზრები გვაქვს თავად მისი მისწრაფებების შეფასებისას. თუ მან „ლელო“- ში გაწევრიანება გადაწყვიტა, ეს მისი ნებაა“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პარლამენტის წევრი, ლევან კობერიძე „ლელო საქართველოსთვის“ წევრი გახდა. პარტიის ახალი წევრი პარტიის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დღეს წარადგინეს.