გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ხანგოშვილის მკვლელობაზე რეაქცია სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გვექნება
გერმანიის სხვადასხვა უწყებამ ბერლინში მოკლული, საქართველოს მოქალაქის საქმეზე ინფორმაციის მიღების მიზნით, რუსეთში 17 მოთხოვნა გაგზავნა, თუმცა – უშედეგოდ, – ამის შესახებ მოსკოვში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაასმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო პროკურატურის დასკვნას დაეთანხმა, მკვლელობა რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოხდა – აღნიშნულს შედეგები მოჰყვება.
“როგორი იქნება განაჩენი – სასამართლოს გადასაწყვეტია. ეს გახდება ჩვენი რეაქციების საფუძველი. თუ სასამართლო იმავე დასკვნამდე მივა, უნდა ველოდოთ სამომავლო შედეგებს”, – განაცხადა დიპლომატმა.
მაასმა ასევე თქვა, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთ-გერმანიის ურთიერთობაზე სერიოზულად აისახა.
“ტირგარტენის მკვლელობა, რომელიც, პროკურატურის აზრით, რუსეთის სახელმწიფო ორგანოების დაკვეთით მოხდა, ჩვენს ურთიერთობებზე სერიოზულად აისახა, ამიტომ მე მკაფიოდ მივანიშნე, რომ ჩვენს მოქალაქეებს დავიცავთ როგორც ინტერნეტსივრცეში, ისე – მის ფარგლებს გარეთ”, – განმარტა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.