ბეირუთში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 149-ს მიაღწია

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 149-ს მიაღწია.

ამის შესახებ ადგილობრივი გაზეთი –  ​Lorient-Le Jour-ი ლიბანის ჯანდაცვის უწყებაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

ასევე, განახლებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქების შედეგად 5 ათასამდე ადამიანია დაშავებული, ადრე 4 ათასამდე პირზე ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს,  ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.

აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით, კვიპროსზეც.

როგორც ლიბანის პრეზიდენტმა განაცხადა, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.

ქვეყანაში 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.

აფეთქების შედეგად ქვეყნისთვის მიყენებული ზარალის პირველადი ოდენობა 5 მილიარდ ევროს შეადგენს. მთავრობა 66 მილიონ დოლარს გამოყოფს. ​გუშინ გახდა ცნობილი, რომ ლიბანის დასახმარებლად 33 მილიონი ევროს მობილიზებას ევროკავშირიც მოახდენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები