ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტში 4 აგვისტოს მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, 100-სს აღწევდეს, 4 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა.
ამის შესახებ ადგილობრივ მედიას “წითელი ჯვრის” ლიბანური საზოგადოების გენერალურმა მდივანმა, ჟორჟ კატანამ განუცხადა.
“ჩვენი ინფორმაციით, 4 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა, ასევე, დაღუპულების შესახებ ვიღებ ინფორმაციას, რომელთა რიცხვი შესაძლოა, 100 აღწევდეს. მსხვერპლთა ნაწილი ნანგრვებში რჩება”, – განმარტა კატანამ.
მისი თქმით, ორგანიზაციაში უამრავი ზარი შედის დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ, ასევე, იმ პირებზე, რომლებიც დანგრეულ შენობებში არიან ბლოკირებული. კატანამ ლიბანის ხელისუფლებას მოუწოდა, დაშავებულები სხვა ქალაქებში გადაანაწილონ, რადგან ადგილობრივი საავადმყოფოები უკვე გადავსებულია.
4 აგვისტოს ბეირუთის პორტში ადგილობრივი დროით 18:00 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ნგრევა მოჰყვა.
აფეთქება იგრძნობოდა ბეირუთიდან 240 კილომეტრის მოშორებით კვიპროსზეც. დაღუპულთა შორისაა ერთერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი.
ოფიციალური მონაცემით, აფეთქებას 78 ადამიანი ემსხვერპლა, 4 ათასზე მეტი დაშავდა.
ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, აფეთქება 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატმა გამოიწვია, რომელიც საწყობში ექვსი წლის განმავლობაში უყურადღებოდ ინახებოდა.
მისივე თქმით, მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირები მკაცრად დაისჯებიან. ასევე, ქვეყანაში 5 აგვისტო საყოველთაო გლოვის დღედ გამოცხადდა. ლიბანის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაწესდა 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა.
ზარალის შესამცირებლად მთავრობა 66 მილიონ დოლარს გამოყოფს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.