“ოჯახს მინდა, ბოდიში მოვუხადო, ეს ჩემთვის ისეთივე ტკივილია, როგორიც – მათთვის, თუ არა უარესი. ვისურვებდი, რომ მე დამმართოდა ეს”, – ამის შესახებ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დედამ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი პასუხისმგებლობას არ გაურბიან.
“მთავარი, რაც ჩემთვის იყო – ბავშვი გადარჩა და ჯანმრთელად არის. ღმერთს ვევედრები, მალე ფეხზე დადგეს. მეორე – ოჯახს მინდა, ბოდიში მოვუხადო, ეს ჩემთვის ისეთივე ტკივილია, თუ არა უარესი. ვისურვებდი, რომ მე დამმართოდა ეს.
მესამე – პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. მიდის გამოძიება, ემოციურად ძალიან მძიმედ ვიყავით. იმედი მაქვს, გამოძიება ობიექტური იქნება, თუმცა ის, რომ ბრალი დაუმძიმეს, ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. რა თქმა უნდა, სასჯელს იმსახურებს”, – განაცხადა ჟვანიას დედამ.
ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილი იყო თავად ჟვანიაც, რომელიც საავადმყოფოდან სამართალდამცველებმა უკვე წაიყვანეს.