უცხოური ინვესტიციების პროაქტიური მოზიდვისა და საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგიის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ცნობილი შვეიცარიული კომპანია „შტადლერის” ჯგუფის პრეზიდენტს, პიტერ შპულერს შეხვდა.
სამინისტროს ცნობით, საქართველოში უცხოური წარმოებების რეალოკაციის სტრატეგია მოლაპარაკებების გამართვას 400-ზე მეტ გლობალურ კომპანიასა და მათთვის საქართველოს ბიზნეს შესაძლებლობების გაცნობასა და მიმზიდველი საინვესტიციო პირობების შეთავაზებას ითვალისწინებს.
შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „შტადლერის” წარმომადგენლებს საქართველოში არსებული სტაბილური და მდგრადი ბიზნესგარემო და ის უპირატესობები გააცნო, რითაც საქართველოში შემოსულ უცხოელ ინვესტორებს შეუძლიათ ისარგებლონ, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში 2,3-მილიარდიან ევროპულ ბაზარზე წვდომა.
„ისინი ხედავენ ამ პერსპექტივებს, განსაკუთრებით კი, „კოვიდის” ეპიდემიის პირობებში ჩვენი პროაქტიური საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად. ჩვენ დავარწმუნეთ „შტადლერი”, რომ საქართველო ერთერთი საუკეთესო ადგილია, საიდანაც გააფართოებენ თავის ბიზნესს და ექნებათ წვდომა 2,3 მილიარდ პოტენციურ მომხმარებელთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ფარგლებში. ჩვენ გვაქვს ერთერთი საუკეთესო საინვესტიციო გარემო და ახლა უკვე ეპიდემიოლოგიურად ერთერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ვართ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის კეთებისთვის. „შტადლერი” არის კომპანია, რომელიც ჩვენს საკმაოდ ბევრ მოქალაქეს დაასაქმებს. კომპანია მზად არის, დაიწყოს ტრენინგები, მოსამზადებელი ეტაპი და ვიმედოვნებთ, ჩვენი ჩართულობითა და მხარდაჭერით, საბოლოოდ, “შტადლერის” ადგილობრივი ქარხანა გვექნება”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
შეგახსენებთ, მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია – „შტადლერი” 1942 წელს დაფუძნდა. კომპანიის გაყიდვები 3,46 მილიარდ დოლარს აღწევს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში კი, ჯამურად, 10 900 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.