გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატი: ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს

ბიზნესმენ გოგი თოფაძის ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ლევან თოფაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭეს.

ადვოკატის თქმით, თოფაძეების ოჯახის პოზიცია საქმის ობიექტური გამოძიებაა.

„ლევან თოფაძემ დაზარალებულის სტატუსი გუშინ, გვიან ღამით მიიღო, რასაც ჩვენ ვითხოვდით და შესაბამისი დადგენილება პროკურატურამ მიიღო. ვინაიდან ლევან თოფაძე ცნეს დაზარალებულად, შესაბამისად, ჩვენ უფლება გვაქვს, გავეცნოთ საქმის მასალებს. მე დღეს ჩავაბარე შესაბამისი განცხადება საქმის მასალების გაცნობაზე. პირველივე შესაძლებლობისთანავე, დაუყოვნებლივ გავეცნობი საქმის მასალებს, ვნახავ – რა მტკიცებულებებია ჩადებული. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას, გიდასტურებთ, რომ მკვლელობის მცდელობისთვის აქვს ბუსა ჟვანიას ბრალი წაყენებული. რაც შეეხება დაზიანებებს, საქმეში,მე როგორც ვიცი, ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ დევს. ამიტომ უპრიანი იქნება, დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით კი ოჯახს პოზიცია არ აქვს. ოჯახის პოზიცია საქმის ობიექტური გამოძიებაა”, – განაცხადა გიორგი ანთაძემ.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი, ლევან თოფაძე რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები