გიგა ბოკერია: მაჟორიტარ კანდიდატებზე შეუთანხმებლობა პირველ და მეორე ტურს შორის მავნებლობისა და ნევროზული ნაბიჯების რისკს ზრდის

“თბილისში მაჟორიტარებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და ის არავის მხრიდან არ დაირღვევა”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა შეძლოს.

“თბილისში მიღწეული შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია და ის არავის მხრიდან არ დაირღვევა. რაც შეეხება რეგიონებს, “ევროპული საქართველოს” პოზიცია ყველასთვის ცნობილია. გონივრულად მიგვაჩნია საკვანძო ოლქებში შეჯერება არა მხოლოდ “ევროპულ საქართველოსა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, არამედ სხვა ოპოზიციურ ჯგუფებს შორის მაჟორიტარი კანდიდატების, რადგან ეს შეამცირებს შარის რისკებს ქვეყნისთვის. გვინდა, რომ გადავიზღვიოთ თავი. სამწუხაროდ, “ნაციონალურ მოძრაობას” ეს ხედვა არ აქვს. მიუხედავად ამისა, თბილისის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ტურში. “ევროპული საქართველო” იწყებს კამპანიას, ჩვენ გვექნება ჩვენი კანდიდატების წარდგენა სულ მალე. ჩვენთვის საკვანძო არის, რომ ყველა ამომრჩეველი მოვიდეს არჩევნებზე და მისცეს ხმა არა მხოლოდ ივანიშვილის წინააღმდეგ, არამედ მისცეს ხმა იმ ხედვას, რომელიც ოპოზიციას ეხება“, – განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, აქვს თუ არა მას მოლოდინი, რომ “ნაციონალურ მოძრაობასთან” რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმებას მიაღწევს, გიგა ბოკერიამ უპასუხა, რომ “ნაცმოძრაობას” ეს არ სურს.

“სამწუხაროდ, მათი პასუხი მოვისმინეთ, რომ არ გვაინტერესებს ესო, მერე ურთიერთსაწინააღმდეგო და არაგონივრული არგუმენტები მოვისმინეთ, ჩვენ ყველგან წინ ვართო, მსხვილი ოპოზიციური პარტიაა, მაგრამ მათი ხმები საკმარისი არ არის. თუმცა, ჩვენ მოვუსმინეთ, თბილისში გვაქვს შეთანხმება და დაწყებულია კამპანიის აქტიური ფაზა“, – განაცხადა ბოკერიამ.

გიგა ბოკერიას თქმით, ოპოზიციაში მაჟორიტარ კანდიდატებზე შეუთანხმებლობა, „ქართული ოცნების“ გამარჯვების რისკს არ ზრდის, თუმცა მავნებლური ნაბიჯების რისკი იზრდება.

„გამარჯვების რისკებს არა, მაგრამ შარიანი, სულელური, მავნებლობებისა და ნევროზული ნაბიჯების რისკებს ზრდის პირველ და მეორე ტურს შორის, თორემ გამარჯვებით ვერ გაიმარჯვებს. არ მგონია, დემორალიზება მოხდეს ამომრჩევლის, ეს არ არის ჩვენი მიზანი, უბრალოდ ამომრჩეველს უნდა სცოდნოდა, ვის რა ხედვა ჰქონდა, რადგან ჩვენ ერთმანეთის კონკურენტებიც ვართ ცივილიზებულად. უნდა იცოდნენ, ვინ უფრო გონიერია დაგეგმვაში. სხვებთან ერთად, მაგრამ პირველ რიგში, ევროპული საქართველოს ინიციატივა იყო თბილისის შეთანხმებაც. ეს იცის ყველამ“, – განმარტა ბოკერიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები