ირაკლი ბერაია: პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა საქართველოში 2012 წელს დასრულდა – გიორგი რურუას ე.წ. პოლიტპატიმრად მოხსენიება ოპოზიციის სპეკულიციაა
“პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ეს მანკიერი პრაქტიკა საქართველოში 2012 წელს დასრულდა”, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი რურუას ე.წ. პოლიტპატიმრად მოხსენიება ოპოზიციის სპეკულიციაა
„პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ეს მანკიერი პრაქტიკა საქართველოში 2012 წელს დასრულდა. ეს დრო ჩვენს ქვეყანაში არასოდეს დაბრუნდება. გიორგი რურუას ე.წ. პოლიტპატიმრად მოხსენიება არის ოპოზიციის სპეკულიცია. 8 მარტის შეთანხმების ერთერთმა ფასილიტატორმა, გერმანიის ელჩმა განმარტა, რომ გიორგი რურუას სახელი შეთანხმებაში არ ფიგურირებდა. რაც შეთანხმებაში არ ეწერა, შეთანხმების ნაწილი ვერ იქნებოდა. სამართლებრივ სახელმწიფოში ვერც ერთ შეთანხმებაში ვერ ჩაიწერება მართლმსაჯულებაში ჩარევის შესაძლებლობა. რაც შეეხება დამნაშავის შეწყალების საკითხს, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება. რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მისი უფლებაა. პრეზიდენტის გადასაწყვეტია, ვის შეიწყალებს და ვის – არა. როცა პრეზიდენტმა ორი დამნაშავე შეიწყალა, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, განმარტა, რატომ დგამდა ამ ნაბიჯს. რა გადაწყვეტილებას მიიღებს რურუას შესახებ, მისი გადასაწყვეტია“, – განაცხადა ბერაიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და თავისუფლების ოთხი წლით აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი რურუას საქმესთან დაკავშირებით ოპოზიციური პოლიტიკურმა პარტიებმა დღეს ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რურუას გათავისუფლება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების დაუშვებლობა 8 მარტის შეთანხმების საკვანძო ნაწილია.