ინფექციონისტი: კორონავირუსის ვაქცინა მტერი არაა და ის ერთადერთი ხსნაა პანდემიასთან ბრძოლაში

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის განცხადებით, თუ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა აღმავლობა სეზონურ გრიპს დაემთხვევა, ეს ჯანდაცვის სისტემას ძალიან დააწვება. ამის შესახებ ბუწაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ინფექციონისტი მოქალაქეებას მოუწოდებს, როგორც კი გრიპის ვაქცინაცია დაიწყება, აუცილებლად აიცრან.

„რაიმე მოდელირება, გათვლები, რაც იმას ამბობს, რომ მაინცდამაინც შემოდგომით უნდა მივიღოთ ე.წ. მეორე ტალღა, არ არსებობს. ეს როდის მოხდება, არავინ იცის, ან საერთოდ მოხდება, თუ არა. შესაძლოა, აგვისტოშიც გვქონდეს შემთხვევების მატება, ესეც არაა გამორიცხული და სიფრთხილე გვმართებს. ყველა გარდამტეხ მომენტს, კარანტინის შესუსტებასა და რაღაც ნაბიჯების გადადგმას, შეიძლება, შემთხვევების მატება მოჰყვეს. ასეთი შესაძლოა, გახდეს საზღვრის გახსნა იმ 5 ქვეყნისთვის და ტურისტებთან ერთად ინფექციის შემოდინება, თუმცა, მინდა ვთქვა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები არ უნდა გადაიდგას. აუცილებლად უნდა გადაიდგას, რისკები გაცნობიერებულია, ყველამ იცის და სიფრთხილეა საჭირო.

შესაძლოა, იყოს სექტემბერშიც ან საერთოდ არ იყოს. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ კორონავირუსის მეორე ტალღა ოქტომბერში იქნება, ეს დაამძიმებს სიტუაციას იმიტომ, რომ გრიპი გარდაუვალია, კანონზომიერებაა და სეზონური გრიპი აუცილებლად გვექნება.
ამიტომ შიშობენ, რომ თუ კორონავირუსის აღმავლობა ამ პერიოდს დაემთხვევა, ეს ძალიან დააწვება ჯანდაცვის სისტემას. გრიპი სახუმარო თემა არ არის, ყოველ წელს სერიოზულ პრობლემებს ქმნის. აქვე მინდა, მოსახლეობას ვუთხრა, როგორც კი გრიპის ვაქცინაცია დაიწყება, აუცილებლად გაიკეთონ და უარი არ თქვან“, – განაცხადა ინფექციონისტმა.

მაია ბუწაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის ვაქცინის გამოცდა წარმატებით უნდა დასრულდეს დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში და შემდეგ წარმოებაში ჩაეშვას.

ინფექციონისტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გაიგონ, რომ კორონავირუსის ვაქცინა მტერი არაა და პანდემიასთან ბრძოლაში ერთადერთი ხსნაა.

“მე პირადად, ვაცინაზე მეტ იმედებს ვამყარებ, ვიდრე – ანტივირუსულ მედიკამენტზე. მედიკამენტებმა იმედისმომცემი პერსპექტივა ვერ დაგვანახა. ყველა მედიკამენტი, რომელზეც დიდი იმედები იყო, ფაქტობრივად, არ ამართლებს. ვაქცინაზე დიდი იმედიებია. უპრეცედენტო რესურსებია მობილიზებული ვაქცინების შესაქმნელად, ასეულობით ვაქცინაზე მიდის მუშაობა. 4 ვაქცინა უკვე ლიდერობს, შევიდა გამოცდის მესამე ფაზაში. ასეთი სისწრაფე მედიკამენტის  ან ვაქცინის გამოცდის არ გვახოვს, ვერ დავასახელბეთ სხვა ანალოგს. ის, რომ ამ ვაქცინას ეფექტურობა აქვს, ფაქტობრივად, დამტკიცებულია. ეფექტურობა აქვს არა მხოლოდ ანტისხეულების წარმოქმნის კუთხით, არამედ, ე.წ. უჯრედული იმუნიტეტის წარმოქმნის კუთხითაც. გვერდითი მოვლენებიც მინიმალურია.
თუ რაღაც გაუთვალისწინებელი წინააღმდეგობები არ წარმოიშვა, ლოგიკურად, ამ ვაქცინის გამოცდა წარმატებით უნდა დასრულდეს დეკემბრის ბოლოს, იანვრის დასაწყისში და უნდა ჩაეშვას წარმოებაში. შემდეგი პრობლემა იქნება მასშტაბური წარმოების საკითხი. მეორე საკითხი, რისიც ძალიან გვეშინია, განსაკუთრებით, საქართველოში – უკვე გაჩნდნენ ატივაქსერები, ჯერ არარსებულ ვაქცინაზეა პროპაგანდა, რომ არ გაიკეთონ კორონავირუსის ვაქცინა. ეს არის დანაშაულის ტოლფასი. ძალიან მკაცრად უნდა იყოს ამის რაიმე ფორმით კონტროლი. არსებობს კანონები, რომლებიც ადამიანს იცავს სხვა ადამიანების ზემოქმედებისგან. ანტივაქსერები სხვა ადამიანების ჯანმრთელობას უქმნიან საფრთხეს.
უნდა დაიწყოს მუშაობა, რათა მოსახლეობამ გაიგოს, რომ კორონავირუსის ვაქცინა არ არის მტერი. პირიქით, ეს არის ერთადერთი ხსნა პანდემიასთან ბრძოლაში“, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები