“არაა დღეს ქართულ საზოგადოებაში ის განწყობა, რომ ოღონდ „ქოცრაზმი” მოვიშოროთ და დანარჩენი მეორეხარისხოვანია, ასეთი განწყობა აქვთ მხოლოდ წინა ხელისუფლების მხარდამჭერებს, მათშიც – არა ყველას”

„არ არის დღეს ქართულ საზოგადოებაში ის განწყობა, რომ ოღონდ ბიძინა და მისი ,,ქოცრაზმი” მოვიშოროთ და დანარჩენი მეორეხარისხოვანია”, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, ოპოზიციის პრობლემა არ არის მხოლოდ ის, რომ მაჟორიტარებზე ვერ შეთანხმდნენ. მისი აზრით, ოპოზიციას არ აქვს არგუმენტებული პასუხი კითხვაზე, თუ რა იქნება ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში:

„ჩემი სუბიექტური და მოკრძალებული აზრით, საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა არის არა ის, რომ რეგიონებში მაჟორიტარებზე ვერ თანხმდებიან (ეს მე საერთოდ არ მგონია სერიოზული პრობლემა), არამედ ის, რომ ოპოზიციური ფლანგს არ აქვს პასუხი ფუნდამენტური ხასიათის კითხვაზე: რა იქნება ხელისუფლების დამარცხების შემთხვევაში? „კოალიციური მთავრობა” არის ძალიან ზოგადი და, ფაქტობრივად, არაფრისმთქმელი პასუხი ამ მთავარ კითხვაზე. აქ მნიშვნელოვანია კონკრეტიკა. კერძოდ: რა პრინციპით მოხდება კოალიციური ხელისუფლების ფორმირება? ვინ იქნება პრემიერი? ვინ შევლენ მთავრობაში? რა რეფორმები გატარდება და რა მიმართულებით? ასევე საინტერესოა, როგორ გადაწყდება მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილის, დათა ახალაიას, მეგის ქარდავას, სოსო თოფურიძისა და სხვა გასამართლებულ ძებნილთა ბედი და ა.შ და ა.შ. კიდევ ბევრი უპასუხო კითხვა შეიძლება, დაისვას. „ჯერ ბიძინა გადავაგდოთ და მერე ვნახოთ”, ასევე, არ არის პასუხი. ეს უფრო პასუხისთვის თავის არიდებაა. არ არის დღეს ქართულ საზოგადოებაში ის განწყობა, რომ ოღონდ ბიძინა და მისი “ქოცრაზმი”  მოვიშოროთ და დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ასეთი განწყობა აქვთ მხოლოდ წინა ხელისუფლების მხარდამჭერებს და იმათშიც არა ყველას. სხვებისთვის კი პირიქით, გადამწყვეტი მნიშვნელობა სწორედ იმ დანარჩენს აქვს. თუ ოპოზიციური კოალიცია დარჩება მხოლოდ ზოგადაბსტრაქტულ დაპირებად და ის არ შეივსება კონკრეტული შინაარსით, ვფიქრობ, ხელისუფლების ამოცანა ფრიად გაადვილდება, რადგან ოპოზიციური სპექტრისგან განსხვავებით ხელისფლებას აქვს მკაფიო და ადვილად გასაგები მესიჯი: არ დაუშვას “ნაცების” რევანში, რაც ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად აქამდე ყოველთვის უზრუნველყოფდა მის გამარჯვებას და ახლა ამ ყველაფერს კიდევ დაემატა “კოვიდ-19′-თან წარმატებული მებრძოლის იმიჯი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიციის გაურკვეველი და ბუნდოვანი გეგმები მომავალზე იწვევს საპროტესტო ამომრჩევლის მნიშვნელოვანი ნაწილის ნიჰილიზმს აწმყოში და მერე აღარ იყოს საყვედურები, ხალხი რომ არ გამოდის, ბიძინას „ოცნებაც” იმიტომ გვაბრუნებს წარსულშიო”, – აღნიშნავს ზურაბიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები