გიორგი გახარია: მთავრობის გადაწყვეტილებით, ინფექციურ საავადმყოფოს 40 მილიონ ლარამდე გამოეყოფა, რომლის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შეძენა
“რა თქმა უნდა, ეპიდემიის გავრცელებისა და რისკების დღევანდელი გადმოსახედიდან უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში არსებობდეს თანამედროვე, გამართული ინფექციური კლინიკა. ამისთვის, დღეს ჩვენ მთავრობაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამ მიზნით, ინფექციურ საავადმყოფოს გამოეყოს 40 მილიონ ლარამდე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, თანხის ძირითადი მიზნობრიობა იქნება შენობის აშენება ან შენობის შეძენა, რაც უფრო ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილება იქნება.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა მთავრობამ უახლოეს პერიოდში უნდა გადაწყვიტოს.
„თბილისის ინფექციური კლინიკა უკვე ათწლეულებია, ამორტიზებულ შენობაში ფუნქციონირებს. მე ჩემი თვალით ვნახე, როდესაც იქ სტუმრობისას ვიმყოფებოდი, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროსთან რამდენიმე თათბირზე ეს აქტიური განხილვის საგანი იყო. ჩვენ სამინისტროებთან ერთად ვცდილობდით, გვეპოვა სწრაფი გამოსავალი. მოგეხსენებათ, რომ დღეს განსაკუთრებით აქტუალურია ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. ის კლინიკური ჯგუფი, რომელსაც ბატონი თენგიზ ცერცვაძე ხელმძღვანლობდა, იყო უკიდურესად ეფექტური. ეს ჯგუფი არა მხოლოდ საქართველოს კლინიკურ მდგომარეობას მართავდა, არამედ – ჩვენს პარტნიორებსაც, ზოგიერთ შემთხვევებში, უწევდა კონსულტაციებს”, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.