ამირან გამყრელიძე: ფართომასშტაბიანი კვლევის საშუალება თუ არ მოგვეცემა, ერთადერთი ნაბიჯია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის 3 სოფელი ჩაიკეტოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, კერძოდ, გაჩიანის დასახლებაში შემავალ სამ სოფელში გაფართოებული ტესტირება დაგეგმილი ტემპით ვერ მიმდინარეობს, რადგან მოსახლეობამ შემხვედრი ნაბიჯები არ გადადგა.
გამყრელიძე რადიკალური ღონისძიებების გატარებას არ გამორიცხავს და ამბობს, რომ შესაძლოა, სამი სოფლის: ყარაჯალის, აღთაკლიასა და ყარათაკლიას ჩაკეტვა საჭირო გახდეს.
„სამწუხაროდ, მოსახლეობაში კვლევებზე ცუდი დამყოლობაა. გაფართოებული კვლევები დავიწყეთ. გვინდოდა, 7000 მოსახლე ამ კვირაში სრულად გამოგვეკვლია. შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება და 350 ნიმუშზე მეტი ვერ აიღეს. არ გამოვრიცხავ ამ რადიკალური ღონისძიებების გატარებას. თუ დამყოლობა არ იქნა სოფლის მოსახლეობის მხრიდან, არ მოგვეცა საშუალება, რომ გამოვიკვლიოთ, ფართომასშტაბიანი კვლევა ვაწარმოოთ ამ დასახლებაში, მაშინ ერთადერთი ნაბიჯი არის ამ სამი სოფლის იზოლირება, ჩაკეტვა. ამაზე იმსჯელებს საკოორდინაციო საბჭო და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მაგრამ მანამდე მოსახლეობას ვთხოვთ, რომ იყოს მეტი დამყოლობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.