გია ვოლსკი: ოპოზიციის მიზანია, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს, სადისტური მმართველობა კრიმინოგენური ვითარების ერთადერთი წამალია
“როცა დანაშაული ხდება, არცერთ ქვეყანაში არ არის იმაზე საუბარი და ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს მიუთითებდეს, თითქოს, ეს არის გაუარესება იმის გამო, რომ მმართველობას სადიზმი დააკლდა”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც ოპონენტების შეფასებებს გამოეხმაურა ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესების თაობაზე.
მისი თქმით, ოპოზიციის განცხადებების მიზანია, საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს, სადისტური მმართველობა არის კრიმინოგენური ვითარების ერთადერთი წამალი მიუხედავად იმისა, რომ სტატისტიკა საპირისპიროს გვიჩვენებს.
„სახელმწიფო თავად ჩადიოდა დანაშაულს და ეს იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც ყურადღებას ვამახვილებდით. დღეს, როცა დანაშაული ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ – დემოკრატიულ სამყაროში, არცერთ ქვეყანაში არ არის იმაზე საუბარი და ერთი პოლიტიკური პარტია მეორეს მიუთითებდეს, თითქოს, ეს არის გაუარესება იმის გამო, რომ მმართველობას სადიზმი დააკლდა. ეს არის უზნეო პოლიტიკური გუნდის განცხადებები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატის თქმით, წარსულში დაფიქსირებულია არაერთი ათეულობით მკვლელობა, მათ შორის, არასრულწლოვანთა შორის, თუმცა არავის არასოდეს უფიქრია ამ ფაქტორის პოლიტიკურ ჭრილში გამოყენება.