მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს.

“24 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა, გამოჯანმრთელდა 4 ადამიანი. ამ მონაცემებით, კოვიდცენტრებში 188 პაციენტი მკურნალობს.

24 შემთხვევიდან ხუთი შემოტანილი შემთხვევაა, ანუ იმპორტირებული, ესენი სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტებია, 10 შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში კვლევისას გამოვლენილი შემთხვევებია. ორის წყარო, ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, წყაროს დადგენის თვალსაზრისით კვლევები მიმდინარეობს.

ჩვენც ცენტრში 4 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოვიდა და 28 პაციენტი გვყავს. 4 ახალი შემთხვევიდან ორი არის ჩვენი პაციენტებთან კონტაქტში მყოფი პირები. ორის წყარო კი გარდაბანია.

28 დადასტურებული შემთხვევიდან ორი მძიმე პაციენტია, რომელთა მდგომარეობაც მკურნალობას ექვემდებარება, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება.

დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები