ბექა ოდიშარია: სურვილი მაქვს, მთაწმინდა-კრწანისის მოსახლეობის პოლიტიკური მხარდაჭერა მოვიპოვო, თორემ ურთიერთობებში მხარდაჭერა ნამდვილად მაქვს
„მე კრწანისის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი ვარ და ვფიქრობ, რომ არცთუ ისე ცუდი და ამაზე შეგიძლიათ, კრწანისის მოსახლეობასთან გქონდეთ კომუნიკაცია”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.
ოდიშარიას თქმით, ცნობილია მისი დამოკიდებულება დიასპორის მიმართ და ის აქტივობები, რომლებიც დიასპორის როლის გასააქტიურებლად ამ პერიოდში გაკეთდა.
„ყველა მაჟორიტარს უნდა ჰქონდეს ბუნებრივი ბმა იმ რაიონთან, სადაც კენჭს იყრის, ყოველ შემთხვევაში, უკეთესია, თუ ასე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ კრწანისის მაჟორიტარი ვარ, მთაწმინდას, იქ მცხოვრებ ხალხსა და მათ პრობლემებს არასოდეს არ მოვწყვეტილვარ. მთაწმინდა ძალიან საინტერესო უბანია, ის არის თბილისის გული და აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ჭკუას ეკითხება მთელი ქალაქი. ახლა მე უნდა ვეცადო, სწორედ გავითვალისწინო ჩემი კოლეგის განვლილი გზა და პირველი ტური იქნება თუ მეორე ტური, სურვილი მაქვს, ამ ხალხის მხარდაჭერა პოლიტიკაში მოვიპოვო, თორემ ურთიერთობებში ნამდვილად მაქვს და სასტარტო პოზიციები ამ მხრივ ძალიან კარგი მაქვს”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
პარლამენტის წევრმა მის მისამართით გაკეთებულ განცხადებასაც უპასუხა, რომელიც წლების წინ „ნაციონალური მოძრაობისთვის” თანხის გადარიცხვას შეეხებოდა და აღნიშნა, რომ “ადამიანებს, რომლებსაც ისეთი ცოდვები აქვთ ჩადენილი, რომელიც რამდენიმე ქვეყნის ბოროტმოქმედებს ეყოფათ, ძალიან ცდებიან, რომ ჩვენს მიმართ აყენებენ ისეთ ბრალდებებს, რაც ძალიან აბსურდულია და აცილებულია რეალობას”.