ამირან გამყრელიძე: მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო რეციპიენტთა რიგებში იყოს

“მიმდინარეობს ორ წყაროსთან მუშაობა – „ასტრა ზენეკასა“ და „გავისთან“, რათა ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო რეციპიენტთა რიგებში იყოს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პერსპექტიულია ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა.

„საქმის კურსში ვართ რამდენიმე პერსპექტიული ვაქცინის შესახებ. ერთერთ პერსპექტიულ ვაქცინად მიიჩნევა სწორედ ბრიტანეთის ოქსფორდის ჯგუფის მიერ შექმნილი ვაქცინა, რომელიც მუშაობს ერთერთ გიგანტ ფარმაცევტულ კომპანია „ასტრა ზენეკასთან“ ერთად. ამ ვაქცინამ გაიარა მესამე ფაზის კვლევების ერთერთი ეტაპი და ახლა კიდევ ერთი დიდი კვლევის ნაწილი დარჩა, როდესაც უფრო გაფართოებულ ჯგუფზე, დაახლოებით, 10-15 ათას ადამიანზე უნდა მოხდეს კვლევის ჩატარება. აქამდე დადგენილია ვაქცინის საკმაოდ კარგი იმუნური პასუხის გამოწვევის უნარი. თუ დადგინდა ვაქცინის უსაფრთხოება, მაშინ ვაქცინა შეიძლება, ხელმისაწვდომი გახდეს. რაც შეეხება საქართველოს, ამ კომპანიასთან ვმუშაობთ, ერთი თვის წინ გვქონდა პირდაპირი კონტაქტები კომპანიასთან. ამავე დროს საქართველო მუშაობას „გავის ალიანსთან“, რომელიც დიდი საერთაშორისო ორგანიზაციაა, ვაქცინების გლობალური ალიანსი, რომელსაც ბილ გეითსის ფონდი პირადად აფინანსებს. ჩვენ დიდი ხანია „გავისთან“ გვაქვს კონტაქტები, მათი საშუალებით მრავალი ვაქცინა დავნერგეთ ქვეყანაში. მიმდინარეობს ამ ორ წყაროსთან მუშაობა – „ასტრა ზენეკასა“ და „გავისთან“, რათა ვაქცინის დამტკიცებისთანავე საქართველო იყოს რეციპიენტთა რიგებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები