მცხეთა-მთიანეთში კალიის საწინააღმდეგოდ ფართობები მუშავდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, სოფელ წეროვნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეწამვლით სამუშაოებს ახორციელებს.
სააგენტოს ცნობით, დღეის მდგომარეობით, რეგიონში კალიის საწინააღმდეგოდ 2700 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.
“ფართობები სპეციალიზებული ტექნიკის საშუალებით შესაბამისი პრეპარატით მუშავდება. აღნიშნული ღონისძიებები ხელს უწყობს მწვანე საფარის შენარჩუნებას, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვასა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებას.
სურსათის ეროვნული სააგენტო კალიის საწინააღმდეგო შეწამვლას აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოველწლიურად ატარებს.
მონიტორინგისა და ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვის მიზნით, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, ყოველწლიურად ტარდება ტრანსსასაზღვრო კვლევები საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების მცენარეთა დაცვის სპეციალისტების მონაწილეობით”, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.