მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 10-11 შემთხვევა არ არის კატასტროფა და ეს კოვიდთან მიმართებით ქვეყნის მიღწევებზე გავლენას არ მოახდენს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის 10-11 შემთხვევის გამოვლენა კატასტროფა არ არის და ეს კოვიდთან მიმართებით ქვეყნის მიღწევებზე გავლენას არ მოახდენს.
მისივე თქმით, რეგულაციების დაცვა აუცილებელია.
“ჩვენთვის ეს მონაცემები, თუნდაც 10, 11 ეს არ არის კატასტროფა და შემთხვევების ასეთი მატება კოვიდთან მიმართებით ქვეყნის მიღწევებზე გავლენას არ მოახდენს. მთავარია, რომ ყველა ახალი შემთხვევის კონტაქტების კვლევა და წყაროების დადგენა ხორციელდება, ეს არ წარმოადგენს პრობლემას.
ხედავთ, რომ უკვე 6 თვეზე მეტი გავიდა, რაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ პროცესს წარმატებით ახორციელებს.
საუბარი იმაზე, თუ როგორ გავლენას მოახდენს ეს, დამოკიდებულია ჩვენზე – ჩემზე, თქვენზე, მოსახლეობაზე, როგორ შევასრულებთ დადგენილ რეგულაციებს. ეს რეგულაციები არ უნდა იყოს ფიქტიური, უნდა იყოს ნამდვილად შესრულებადი.
ინფექციის მკაცრად გაკონტროლება უნდა ხდებოდეს. ასე თუ გაგრძელდება, ქვეყანაში საშიშროება იმისა, რომ ეს სიტუაცია უმართავი გახდეს – არ იქნება.
ისევ იქნება ზომიერი, კონტროლირებადი მატება. კოვიდი არსად წასულა. ჩვენ გარშემო ქვეყნებში ხომ ხედავთ, რა ხდება. ჩვენ ოაზისივით ვართ გარემომცველ ქვეყნებთან შედარებით”, – განაცხადა ეზუგბაიამ.