ყველაფერი, რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის, ანუ რა რისკებს შეიცავს სავალუტო ბაზრის რეფორმა

2020 წლის 1-ელი ოქტომბრიდან საქართველოში ვალუტით ვაჭრობის ახალი პლატფორმა, Bmatch -ი ამოქმედდება. იცვლება სავალუტო ბაზრის წესებიც. როგორც ირკვევა, Bmatch პლატფორმა სატესტო რაჟიმში უკვე ფუნქციონირებს და მას აქტიურად იყენებს 15 ბანკი, 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და 1 მსხვილი კომპანია. როგორც სებ-ის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, ეს ცვლილებები მიზნად ისახავს ბანკთაშორის ბაზარზე არასაბანკო მონაწილეებისათვის წვდომის გაადვილებას, ასევე, ლიკვიდობისა და სავალუტო ბაზარზე კონკურენციის გაზრდას.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცეპრეზიდენტის, ნიკა შენგელიას განმარტებით, ბლუმბერგის ახალი სავაჭრო ტერმინალით ისარგებლებენ კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, საბროკერო კომპანიები, ასევე, არარეზიდენტი და რეზიდენტი საინვესტიციო ფონდები და ის კომპანიებიც, რომლებიც იმპორტ -ექსპორტით არიან დაკავებულნი. როგორც ირკვევა, მინიმალური სავაჭრო ლოტო იქნება 100 000 $ ან მისი ექვივალენტი თანხა. ანუ სისტემაში ჩართვა შეეძლებათ მხოლოდ იმ კომპანიებს, რომლებსაც თავიანთი საქმიანობიდან გამომდინარე ესაჭიროებათ თვიურად 100 000 დოლარზე მეტი ვალუტის ყიდვა ან გაყიდვა. ექსპორტ -იმპორტით დაკავებულ კომპანიებს, რომლებსაც შედარებით ნაკლები რაოდენობის დოლარის ყიდვა ან გაყიდვა დაჭირდებათ, მათ ამაში კომერციული ბანკები დაეხმარებიან, თუმცა მომსახურების პროცენტის გადახდა მოუწევთ.

როგორც შენგელია „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, თეორიულად ყველაფერი კარგადაა შეფუთული და ერთი შეხედვით ჩანს, რომ რაც მეტი მონაწილე იქნება ჩართული სავალუტო ვაჭრობაში, ლიკვიდურობაც მეტი იქნება და კურსის ცვლილების მერყეობის სიჩქარეც, ანუ „ვოლატილობაც“ შემცირდება. თუმცა, შენგელიას თქმით, მედალს აქვს მეორე მხარეც, ანუ როგორც ის ამბობს, რაც ბრწყინავს, ყველაფერი ოქრო არ არის.

როგორც შენგელია აცხადებს, ვალუტით ვაჭრობის ახალი წესები და Bmatch-ის ტერმინალი სპეკულაციის საშუალებას მაინც ტოვებს.

შენგელიას თქმით, საქართველოში საპროცენტო განაკვეთი საკმაოდ მაღალია ( 8,25%) და მისი დაწევის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. მისი განმარტებით, რაც უფრო მაღალი იქნება საპროცენტო განაკვეთი, მით მეტი დაინტერესება აქვთ უცხოურ არარეზიდენტ ფინანსურ ორგანიზაციებს, შემოვიდნენ საქართველოში და ფული ჩადონ მაღალლიკვიდურ სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში. როგორც შენგელია აცხადებს, მათი მოგება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კურსი იქნება ვალდებულებების ვადის გასვლისას. თუ კურსი იმაზე მეტი იყო, ვიდრე – მაშინ, როდესაც შემოვიდა საქართველოში და დოლარი ლარში დაახურდავა, მაშინ, დიდი ალბათობით, მოგება არ დარჩებათ. შესაბამისად, როგორც შენგელია განმარტავს, ჭარბი დოლარის მოწოდებით ისინი ეცდებიან, გაამყარონ კურსი, რათა მოგება დარჩეთ.

„ვინადან ბიმარჩ ტერმინალში ვაჭრობის უფლება ეძლევა არარეზიდენტ კომპანიებს, მათ შეეძლებათ, სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებების შესრულების მოახლოებამდე რამდენიმე კვირით ადრე ჭარბი დოლარის მოწოდებით მოახდინონ კურსის გამყარება, აღნიშნული ქმედებით საშუალო კომპანიებსა და მოსახლეობას მოუწევთ დაბალი კურსით ვალუტის გაყიდვა და, პარალელურად, არარეზიდენტმა, ფინანსურად ძლიერმა იმავე კომპანიებმა მოახდინონ ვალუტის უკანვე შესყიდვა.

ასეთივე სქემით შეიძლება, ისარგებლოს და სავალუტო სპეკულაციები განახორციელოს კომერციულმა ბანკებმა, მათმა აფილირებულმა საბროკერო ან ახლადშექმნილმა კომპანიებმა. ასეთი ოპერაციები, ძირითადად, ხელს უწყობს კურსის მაღალ მერყეობას წლის გარკვეულ პერიოდში და კურსის ცვალებადობით ზარალდება მოსახლეობა და მცირე ბიზნესი“, – აცხადებს შენგელია.

მისი თქმით, ეს არის ქვეყნიდან კაპიტლის გატანის გარკვეული სქემაც. შენგელია შიშობს, რომ ოქტომბრიდან, როდესაც Bmatch -ის ტერმინალში მაქსიმალურად ჩაერთვებიან სხვა ახალი მონაწილეები, იქ აუცილებლად დარეგისტრირდება არარეზიდენტი ფინანსური ინსტიტუტები და ლარის კურის მერყეობაც საგრძნობი იქნება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეროვნული ბანკი აღარ მიიღებს მონაწილეობას ვაჭრობებში.

შენგელიას მოსაზრებით, რაც მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც საპროცენტო განაკვეთები ნულთანაა მიახლოებული, არ იმუშავებს იქ, სადაც საფონდო ბაზარი ცენტრალური ბანკის ხელშია, საპროცენტო განაკვეთები მაღალია და თანაც ეკონომიკა რეცესიაში გადადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები