ბიძინა ივანიშვილი: პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ, ამიტომ ვალდებულნი ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში მდებარეობს, ამიტომ მაქსიმალურად უნდა შემცირდეს შესაძლო პროვოკაციების რისკები.

ამის შესახებ ივანიშვილმა კოჯორში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

პარტიის თავმჯდომარემ ქვეყნის მხარდაჭერისთვის მადლობა ევროკავშირს, საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაუხადა.

“ქართველების ბუნებაა პროგრესისა და განვითარებისკენ სწრაფვა. ამიტომაც, მუდამ ერთგულნი ვართ და ვრჩებით ევროპული და ევროატლანტიკური კურსისა, რომელიც ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ განაპირობა და რომელიც ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წლების განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოსა და ქართველ ხალხს ამ საქმეში – ჩვენს დასავლელ მეგობრებს, ევროკავშირს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს ამერიკის შეერთებულ შტატებს. არავისთვის უცხო არ არის, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ დროში, რთულ რეგიონსა და პოლიტიკურად რთულ სამეზობლოში ვცხოვრობთ. ამიტომ ვალდებულნი ვართ, მაქსიმალურად შევამციროთ რისკები, თავიდან ავიცილოთ ყველა შესაძლო პროვოკაცია, რომელმაც შეიძლება, ზიანი მიაყენოს ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობიან განვითარებას. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ საქართველო და ყველა საერთაშორისო ბერკეტი გამოვიყენოთ ამისთვის. ჩვენ მშვიდობიანად, ნდობის გაჩენის, შერიგებისა და პატივისცემის აღდგენის გზით უნდა შემოვაბრუნოთ ჩვენკენ აფხაზი და ოსი ძმები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები