მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია სასოწარკვეთილებაშია, ნაძარცვი ფულებით უკვეთავენ კვლევებს, მაგრამ ვერ ამახინჯებენ „ქართული ოცნების” რეიტინგს იმგვარად, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგზე ნაკლები დაუწერონ
„შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ოპოზიცია სასოწარკვეთილებაშია, თავდაცვის სამინისტროდან ნაძარცვი ფულებით უკვეთავენ რაღაც კვლევებს, საველე სამუშაოებს მათი პარტნიორი ორგანიზაციები აკეთებენ, მაგრამ ვერ ამახინჯებენ „ქართული ოცნების” რეიტინგს იმგვარად, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის რეიტინგზე ნაკლები დაუწერონ. თუ ჩვენ ძალიან მარტივად და შინაარსში ღრმად შესვლის გარეშე ვიტყვით, რომ თუ ალოკაციით განვიხილავთ ამ ციფრებს, გამოდის, „ქართულ ოცნებას” 49 პროცენტი დაუწერა Edison Research-მა ფორმულას დაკვეთით, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს და დანარჩენი 51 პროცენტი დაუწერა მთლიანად ყველა ოპოზიციურ პარტიას. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა რეიტინგი აქვს დღეს „ქართულ ოცნებას”, რომ 49 პროცენტზე ქვემოთ, ანუ ალოკაციის გარეშე 39 პროცენტზე ქვევით ვერ დაამახინჯეს და ვერ დაუწერეს სხვა ციფრი”, – ასე გამოეხმაურა ვიცესპიკერი, მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „იმედის” ეთერში Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს.
„ჩვენ არ ვიცით ორი მთავარი რამ, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები, Edison Research-ის წარმომადგენლები საქართველოში არ გვინახავს და საინტერესოა, ვინ ატარებს კვლევას ადგილზე. ამასთან დაკავშირებით კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალება მეტად გვექნებოდა ეს თუ აღმოჩნდება შემთხვევით IPM ან SSRS, რომელიც ერთ შემთხვევაში ასოცირებულია „ევროპულ საქართველოსთან” და მეორე კომპანია „ნაციონალურ მოძრაობასთან”, აქ უკვე ყველაფერი გასაგები იქნება, რომ ამ კომპანიების განწყობები ისეთია, ისინი ხან წყალობენ „ევროპულ საქართველოს”, ხან „ნაციონალურ მოძრაობას” და მერე ამის შედეგია ხოლმე, რომ ხან 20-25% კი ცდება ხოლმე. ამის წარსულის გამოცდილება გვაქვს. არ ვიცით, საველე სამუშაოები ვინ ჩაატარა, სამწუხაროდ. მე რასაც გადავავლე თვალი, საველე სამუშაოების ჩამტარებელი კომპანია მითითებული არ არის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მარტივი დასკვნის გაკეთების საშუალება იქნებოდა. მეორე – არ უთქვამთ ჩვენთვის, ეს კვლევები ალოკაციით არის თუ მის გარეშე და აქაც შეიძლება ძალიან მარტივი დასკვნები გამოვიტანოთ. შეიძლება, ძალიან სპეციფიკური იყოს და ჩვენ, პოლიტიკოსები გაგვარკვიოს სოციოლოგიაში ამდენი ტყუილების გადამკიდე და გავერკვიეთ კიდევაც. ამას დაემთხვა ტელეკომპანია „იმედის” დაკვეთით გორბის მიერ შესრულებული კვლევა, სადაც მისი რეიტინგების მიხედვით ჩვენ მივიღეთ 55 პროცენტი, მაგრამ იქაც იყო 10 პროცენტი გადაუწყვეტელი და მარტივი ალოკაცია რომ გაგვეკეთებინა, უკვე ჩვენს პარტიულ კვლევებს დაემთხვეოდა, სადაც, ჩვენი მონაცემებით, ჩვენ გვაქვს 60 %-მდე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.