გია გაჩეჩილაძე: პროპაგანდისტული მანქანა წინააღმდეგი იყო, რომ დენდროლოგიური პარკი, უნიკალური ობიექტი შექმნილიყო ქვეყანაში

„დენდროლოგიური პარკი არის ბიომრავალფეროვნების მუზეუმი, ამიტომ ამის შექმნა უდიდესი საქმე იყო საქართველოს არა მარტო ეკოლოგიური თვალსაზრისით, არამედ – წმინდა აღმზრდელობითი, ტურიზმისა და სამეცნიერო თვალსაზრისით”, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის წევრი, გია გაჩეჩილაძე შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის გახსნას, რომლის მშენებლობაც 2017 წელს „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაიწყო.

მისი თქმით, ეს არის უნიკალური და იშვიათი ობიექტი. მსოფლიოს მასშტაბით სულ რამდენიმე ამდაგვარი ობიექტია. როგორც გაჩეჩილაძე აღნიშნავს, პარკი არის ხეების კოლექცია, რომლის ფარგლებშიც არა მარტო საქართველოდან გადმოტანილი ხეებია, არამედ – მთელი მსოფლიოდან.

დეპუტატის თქმით, ოპონენტების მხრიდან პროპაგანდა არა ხეების გადატანას, არამედ ასეთი უნიკალური ობიექტის შექმნის წინააღმდეგი იყო.

„მთელი პროპაგანდა, პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც ჩართული იყო ამის წინააღმდეგ, იმ ხეების გადმოტანის წინააღმდეგ კი არ იყო ეს ხალხი, არამედ მათ არ უნდოდათ, რომ შექმნილიყო ასეთი უნიკალური ობიექტი საქართველოში. იცით, რატომ? იმიტომ, რომ საქართველოში ამდაგვარი ობიექტი, სპეციფიკური ბოტანიკური ბაღები სულ არის ექვსი, ექვსივე ბიძინა ივანიშვილის მიერ არის რეაბილიტირებული და ეს ყველა ბოტანიკური ბაღი არის შექმნილი მე-19 საუკუნეში. ერთი საუკუნეა, ამდაგვარი არაფერი  შექმნილა საქართველოში და მოხდა სასწაული. ამიტომ ჩვენ, ყველა მადლიერნი უნდა ვიყოთ ამისათვის”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები