მარინა ეზუგბაია: ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ერთი შემოტანილია, ხოლო ორის ინფიცირების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.

მისივე თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს.

„დღევანდელი მონაცემებით, სამი ახალი შემთხვევა გვაქვს და, ჯამურად, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში 1006-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 10-ით გაიზარდა და 883 გახდა.

სამი ახალი შემთხვევიდან ერთი არის შემოტანილი შემთხვევა, კვლავ სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ორ შემთხვევაზე გრძელდება ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევით წყაროს მოძიება.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 87.7 პროცენტს შეადგენს, ხოლო კოვიდცენტრებში ამ ეტაპზე 136 პაციენტი მკურნალობს.

ჩვენი ცენტრის მონაცემებით, გუშინ გვყავდა 26 დადასტურებული პაციენტი, აქედან სამი გამოჯანმრთელდა, ორი პაციენტი გადაყვანილ იქნა თავის ქვეყანაში. ჩვენ გვყავდა თურქეთიდან სატვირთო ავტომანქანის მძღოლები, რომელთა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო, პროგრესირება არ შეინიშნებოდა და გადაყვანილი იქნენ თავიანთ ქვეყანაში. ჩვენთან ახლა 21 დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა სტაბილური და უცვლელია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები