ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას: არ გაქვთ თქვენ პოლიტიკური და მორალური უფლება, რომ კითხვის ნიშნები დასვათ – აუცილებლად მიიღებთ პასუხს

„ნაციონალურ მოძრაობას” მივმართავ, სახელმწიფო ინსტიტუტებს თქვენ რომ აზიანებდით და დააზიანეთ, ვინ უნდა შეძლოს კიდევ იმ მასშტაბითა და იმ დოზით დაზიანება, არ გაქვთ თქვენ ამის პოლიტიკური უფლება და მორალური რომ კითხვის ნიშნები დასვათ – აუცილებლად მიიღებთ პასუხს”, – ასე უპასუხა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციას მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები შეახსენა და განაცხადა, რომ როდესაც ოპოზიცია მორალურობაზე დაიწყებს საუბარს, პასუხს ყოველთვის მიიღებს.

„გეტყვით კონკრეტულ ფაქტებს. ჩვენი კოლეგები ჩვენ გვედავებიან, თითქოს, რეპუტაციას ვულახავთ პარლამენტს და რეპუტაცია რომ შეულახეთ მაშინ, როდესაც აქ სითხე მოასხით, ჯგუფურად რომ განახორციელეთ აქ ყველაზე ამორალური და ამაზრზენი საქციელი და ელემენტარული ბოდიშიც არ მოგიხდიათ იმ პარლამენტის თანამშრომლებისა და კოლეგებისთვის, რომლებიც მოიწამლნენ, ამაზე მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობთ თუ არა? რომელ მორალურ პასუხისმგებლობაზე საუბრობთ? ჩვენი ერთერთი ოპოზიციონერი კოლეგა იყო, მეგაფონით რომ დარბოდით აქ და საბჭოთა ჰიმნს აჟღერებდით. თქვენგან ვერ მივიღებთ ვერანაირ მორალურობაზე საუბარს. არ ვიცი, შეიძლება, ნოსტალგია გაქვთ რუსეთში გატარებული წლებისა და სწავლის, მაგრამ ეს შეინახეთ თქვენთვის, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი. მორალურობაზე როდესაც საუბრობთ, დაფიქრდით იმიტომ, რომ პასუხს ყოველთვის მიიღებთ. გირგვლიანის მკვლელობიდან ერთი თვე არ იყო გასული და “ნაციონალურმა მოძრაობამ” დააინიცირა პროექტი იმისთვის, რომ ციხეში ერთი მუხლით მსჯავრდებულებს ჰქონოდათ ერთად ყოფნის უფლება და ასევე ის მუხლი, რომელიც მათთვის შეიძლებოდა, წაყენებული ყოფილიყო – იყო მკაცრი,  თავისუფლების 12 წლამდე  აღკვეთას ითვალისწინებდა და ეს პროექტი სასწრაფოდ, 17 დღეში აქციეს კანონად. ხომ არ გაინტერესებთ, ამის ინიციატორები ვინ იყვნენ, ბატონებო? მაშინდელი იურიდიული კომიტეტი და მათი შემადგენლობა. გეტყვით: გიგა ბოკერია, ნიკა გვარამია, ლევან ბეჟაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ეს ადამიანი დღეს ჩვენ გვედავება პროცედურებზე, მორალურ სტანდარტზე და ა. შ. მე მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ძალიან გონიერად მოეკიდება იმ შეზღუდვებს, რომელიც ვფიქრობთ, რომ იქნება დროებითი და ჩვენ ჩვენს საზოგადოებასთან ერთდ შევძლებთ ე. წ. მეორე ტალღის გადალახვას”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები