მამუკა არეშიძე: თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება გაღრმავდა, საქართველო ჩათრეული იქნება ამ პროცესში

“თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დაპირისპირება გაღრმავდა, იცოდეთ, რომ საქართველო ჩათრეული იქნება ამ პროცესში”, – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარკვეული დაპირისპირების პლაცდარმი, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიაზეც არის.

„სამწუხაროდ, მიჩვეულები ვართ, რომ იმ დროიდან, როცა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ყარაბაღისთვის ომის აქტიური ფაზა დამთავრდა, 1994 წლიდან 26 წლის განმავლობაში სულ რაღაც გარკვეული ესკალაცია ხდება. ხან იყო ნახიჩევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხან – აღმოსავლეთით, მაგრამ ყოველთვის ხდებოდა ერთი და იგივე – ეს ხდებოდა ყარაბაღის გარშემო. ახლა პირველი შემთხვევაა, როცა ეს მოხდა სხვაგან. დაპირისპირება მოხდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე, საქართველოსთან ძალიან ახლოს. თაუზის რაიონი საქართველოს მიმდებარე რაიონია. აქედან გამომდინარე, თვისობრივად, სხვა ამბავი ხდება. ჩვენ არ ვიცით, ეს არის ინსპირერებული მესამე მხარის მიერ, თუ აქ არის ძალთა მოსინჯვა – როგორი თავდაცვითი სისტემები აქვს მოწინააღმდეგეებს. ამის თქმა, ჯერჯერობით, რთულია. შეგვიძლია, ვისაუბროთ რამდენიმე მოცემულობაზე, რომელიც ირიბად მიუთითებს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის. ჯერ ერთი, კონფლიქტი ცარიელ ადგილას დაიწყო. დაპირისპირების მოტივი იმ ადგილას არ იყო. ძალიან დამაფიქრებელია თურქეთის განცხადება, რომელიც ანალოგიურ შემთხვევაში ყოველთვის აზერბაიჯანის მხარეს იკავებდა, მაგრამ თავის ოფიციალურ განცხადებაში სიტყვები იყო ასეთი – რომ საჭიროა, მხარეებმა თავი შეიკავონ ესკალაციისგან. დღეს ეს ბოლო ფრაზა არაა“, – განაცხადა არეშიძემ.

მისივე შეფასებით, რეგიონში დღეს რთული მდგომარეობაა.

„ზაფხულმა მიგვაჩვია, რომ რეგიონში წვრთნები ტარდება. ცოტა ხანში დაიწყება წვრთნები – „კავკაზ“, რომელიც ყოველ წელს ტარდება, მაგრამ ერთხელ ამ „კავკაზმა“ 2008 წლის ომი მოგვიტანა. ახლაც არ ვიცით, როგორ განვითარდება მოვლენები. პლუს, საინტერესო ეპიზოდია, რომელიც დაკავშირებულია ახალგორში მიდინარე ამბავთან, პირობით საზღვარზე, აქაც პირველად მოხდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული პირობითი საზღვრის პირობითი დამრღვევის წინააღმდეგ.

გვაქვს ეჭვიანობის საფუძველი. რუსეთმა რეგიონში შექმნა ისეთი სიტუაცია, რომ მიგვაჩვია ეჭვიანობასა და ნერვიულობას. ამიტომ, იძულებულნი ვართ, ყველა ეს მოვლენა, რომელიც ჩამოვთვალეთ, ერთ ყულაბაში ჩავდოთ და ვიფიქროთ, რომ მდგომარეობა გვაქვს რთული. შემთხვევები არაორდინალურია, საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და პრევენციული ნაბიჯების გადადგმა.

ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ რუსეთია ყველაფერში დამნაშავეა. რუსეთი ბევრ რამეშია დამნაშავე, 95 %-ით. მაგრამ სხვა ქვეყნებსაც აქვთ ინტერესები ამ რეგიონში, მათ შორის. ნუ დაგვავიწყდება, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს.

რეალობა ასეთია: პრაქტიკულად, გარკვეული დაპირისპირების პლაცდარმი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არის საქართველოს ტერიტორიაზეც. თუ ეს დაპირისპირება გაღრმავდა, იცოდეთ, რომ საქართველო ჩათრეული იქნება ამ პროცესში. საქართველოს ტერიტორიაზე გადის ორივე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ენერგოკორიდორები: რუსეთიდან სომხეთში გაზის მიწოდების, აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზისა და ნავთობის გატანისა. აქედან გამომდინარე, ორივე მხარე მოინდომებს, რომ ეს ეკონომიკური ბერკეტი ჩაუკეტოს მოწინააღმდეგეს, ანუ დივერსიული აქტები საქართველოს ტერიტორიაზე; ამას პლუს დევნილები, როგორც იყო 90-იან წლებში; პლუს, საქართველოში ცხოვრებენ აზერბაიჯანელებიც და სომხებიც. გამორიცხულია, რომ ეს ფაქტორი დაპირისპირებულმა მხარეებმა არ გამოიყენონ.

როცა მეკითხებით, რა უნდა ქნას ქართულმა ხელისუფლებამ – ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა პრევენციაზე, შეგვიძლია ამის გაკეთება. საქართველოს შეუძლია, შესთავაზოს თბილისი სამშვიდობო პლატფორმად მხარეებს, მაქსიმალურად დიდი ხმაური გამოიწვიოს გაერო-ში, სხავადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში და ა.შ. ესკალაცია არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ  იმიტომ, რომ ჩვენზე ძალიან სერიოზულად იმოქმედებს”, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.

თამუნა შეყილაძე 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები