მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული ოთხივე ახალი პაციენტი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილია.
მისივე თქმით, ყველა მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
„გუშინ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 995 იყო. დაგვემატა მხოლოდ ოთხი ახალი და ამჟამად ქვეყანაში გახლავთ 999 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და დღეს, ჯამურად, გვყავს 870 გამოჯანმრთელებული. ოთხივე ახალი შემთხვევა შემოტანილი, ანუ იმპორტირებულია. ყველა სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.
ქვეყნის მასშტაბით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 87 პროცენტს შეადგენს.
ამჟამად, კოვიდცენტრებში 142 პაციენტი რჩება.
ჩვენს ცენტრში 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ახალი არ მიგვიღია, გვყავს 24 დადასტურებული შემთხვევა და მათი მდგომარეობა უცვლელია”, – განაცხადა ეზუგბაიამ.