ბიბილოვი – “ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოს პროვოკაციებს არ ავყვეთ”
ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, “საქართველო სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ” პროვოკაციულ ქმედებებზე უარს არ იტყვის.
“ეს ტრადიციები მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის მიერ არის ჩამოყალიბებული, რომელმაც ოსი ხალხის წინააღმდეგ სახელმწიფო ტერორიზმი მთავარ პოლიტიკად აქცია და რომლის საფუძველი 1920-ან წლებიდან მოდის, როდესაც სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა მასობრივი განადგურების მსხვერპლი იყო”, – თქვა ბიბილოვმა.
მისი თქმით, ცხადია, რომ წნელისთან “უკანონო საგუშაგოს” დადგმა, ისევე – როგორც სხვა უკანონო ქმედება, რომელსაც საქართველო ახორციელებს – იყო სამხრეთ ოსეთის პროვოცირებისა და ვითარების დესტაბილიზაციისკენ მიმართული”.
“ასევე, აღნიშნული აძლევს საქართველოს მთავრობას შესაძლებლობას, საზოგადოების ყურადღება უმრავი შიდა პრობლემისგან გადაიტანოს. ამიტომ, ჩვენი მთავარი ამოცანაა – პროვოკაციას არ ავყვეთ. ვფიქრობ, სწორი რეაგირება გვქონდა, როდესაც ამ მიმართულებით ამის შესაძლებლობა არ მივეცით და ლოკალიზება მოვახდინეთ”, – აღნიშნა დე ფაქტო პრეზიდენტმა.
ბიბილოვმა ასევე თქვა – “ბუნებრივია, გავაგრძელებთ ჩვენი ტერიტორიიდან უკანონო საგუშაგოს აღების მოთხოვნას და რუს კოლეგებთან ერთად ამ მიმართულებით მჭიდროდ ვთანამშრომლობთ”.