17 ივლისს უკრაინის აღმოსავლეთში, პრორუსი სეპარატისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე 298 ადამიანის სასტიკი დაღუპვის დღიდან ზუსტად 6 წელი გადის. ამ დღეს რუსული წარმოების “ბუკ”-იდან გასროლის შედეგად მალაიზიური კომპანიის კუთვნილმა Boing 777-მა კატასტროფა განიცადა. ის, რომ ეს რეისი სწორედ რუსული წარმოების “ბუკ”-მა იმსხვერპლა, მრავალწლიანი გამოძიების შედეგად საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა (JIT) დაადგინა. დაადგინა იმის მიუხედავად, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და მისმა პროპაგანდისტულმა მანქანამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა გამოძიებისთვისაც ხელი შეეშალა.
თუმცა უკვე დღეს ამ ტრაგიკულ ისტორიაში რუსეთის ამაზრზენი როლის უმნიშვნელოვანესი განმტკიცება მოხდა -ნიდერლანდების მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა. ეს სარჩელი იმ დანაშაულებრივ როლს ეხება, რომელიც რუსეთმა 2014 წელს Boing 777-ის განადგურების საქმეში შეასრულა. სარჩელის ჩაბარების შესახებ სასამართლოს პრეს-ატაშემ, დენი ლამბერმა განაცხადა. „სახელმწიფოს სარჩელის” სახით ნიდერლანდების მინისტრთა კაბინეტი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს გადასცემს მის ხელთ არსებულ მთელ ინფორმაციას განადგურებული თვითმფრინავის საქმეზე. ნიდერლანდების ხელისუფლება აცხადებს, რომ „სახელმწიფოს სარჩელი“ წარდგენილია მსხვერპლთა ოჯახების ინდივიდურ სარჩელებთან ერთად. „ამ ნაბიჯით ხელისუფლება მხარს დაუჭერს ინდივიდურ სარჩელებს, რომლებითაც მსხვერპლთა ოჯახები სასამართლოს მიმართავენ”, – აცხადებენ ნიდერლანდების მთავრობაში.
„სახელმწიფოთაშორისი სარჩელის წარდგენით, ნიდერლანდები მხარდაჭერას უცხადებენ MH17 -ის რეისის ყველა ეროვნების 298-ვე მსხვერპლსა და მათ ახლო ნათესავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის საგარეო სამინისტროში ნიდერლანდების ამ ნაბიჯს „ორმხრივი ურთიერთობებისთვის კიდევ ერთ დარტყმას“ უწოდებენ.
ამ საპასუხო განცხადების მიუხედავად, ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, სტეფ ბლოკი აცხადებს, რომ სამართლის მიღება ამ საქმეში უმაღლეს პრიორიტეტს წარმოადგენს. „თითქმის 6 წელი გავიდა მას მერე, რაც მოხდა კატასტროფა, რომლის შედეგადაც ბორტზე მყოფი 298 ადამიანი დაიღუპა. ამ პერიოდში სამართლის, ჭეშმარიტებისა და პასუხისმგებლობის მიღწევისკენ სწრაფვა ნიდერლანდების სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტია. ხელისუფლება ყოველთვის აცხადებდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ის არანაირ სამართლებრივ გზას არ უარყოფს”, – ასევე, ნათქვამია ამ სახელმწიფოს განცხადებაში.
უფრო ადრე კი სარჩელი კატასტროფაში დაღუპულთა ნათესავების ნაწილმაც წარადგინა. 40 ოჯახის სახელით, სარჩელი რუსეთისა და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ ადვოკატმა, ჯერი სკინერმა წარადგინა. დაზარალებულები კომპენსაციის სახით უშუალოდ რუსეთის ფედერაციისგან 330 $ მილიონ ევროს ითხოვენ.
მალაიზიური კომპანიის კუთვნილმა Boing 777-მა, რომელიც ამსტერდამიდან კუალა ლუმპურში MH17-ის რეისით მიფრინავდა, 2014 წლის 17 ივლისს აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში განიცადა კატასტროფა. ეს ტერიტორია უკრაინელი სეპარატისტების მიერ იყო კონტროლირებადი. დაღუპულები ნიდერლანდების, მალაიზიის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ბელგიის, ფილიპინების, კანადისა და ახალი ზელანდიის მოქალაქეები იყვნენ.
საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის დასკვნის მიხედვით, ეს თვითმფრინავი სარაკეტო-საზენიტო კომპლექს “ბუკი”-დან გასროლილი რაკეტით იყო ჩამოგდებული. გასროლა კი რუსეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი ბოევიკების მიერ განხორციელდა. საერთაშორისო გამომძიებლებმა მრავალწლიანი გამოძიების შედეგად დაასკვნეს, რომ “ბუკ”-ი დონბასის ოლქში რუსეთიდან კურსკში მდებარე სამხედრო ბაზიდან მოხვდა. გასროლის შემდეგ ის უკან, რუსულ ბაზაზე დააბრუნეს.
2018 წელს ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ რუსეთის ხელისუფლებას მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფაში ოფიციალურად დასდო ბრალი. თუმცა, რუსეთი რაიმე შემხებლობას ამ ტრაგედიასთან დღემდე უარყოფს და სახელმწიფო დონეზე აყვანილი პროპაგანდისტული შეტევებით ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას.
იმაზე, რომ მსოფლიოსთვის ამ ტრაგედიისთვის ზურგი არ უქცევია, ხოლო დამნაშავე სახელმწიფოს თუ პირების დასჯა უდავო პრიორიტეტია, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ 2020 წლის 9 მარტს ჰააგის საოლქო სასამართლომ უპრეცედენტო სასამართლო პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე, გამოკვეთილია 4 ბრალდებული და მათ დაუსწრებლად ბრალი უკვე წაყენებული აქვთ. ესენი არიან რუსეთის მოქალაქე, თვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ФСБ-ს თადარიგის ოფიცერი – იგორ გირკინი (სტრელკოვი), რუსეთის მოქალაქე, ГРУ-ს თადარიგის უფროსი ოფიცერი – სერგეი დუბინსკი, რუსეთის მოქალაქე, რუსეთის არმიის თადარიგის ოფიცერი – ოლეგ პულატოვი, უკრაინის მოქალაქე, ДНР-ის სადაზვერვო სამსახურის მეთაური – ლეონიდ ხარჩენკო.
რამდენიმე კვირის წინ ნიდერლანდების პროკურატურამ ამ სასამართლო განხილვის დროს ახალი სატელეფონო საუბრების ჩანაწერები წარმოადგინა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ პრორუსმა სეპარატისტებმა რუსული “ბუკი”-დან გასროლა განახორციელეს, რადგან ეს თვითმფრინავი უკრაინული ეგონათ. ეს სატელეფონო საუბრები ერთერთი მტკიცებულებაა იმ მრავალს შორის, რომლებიც წლების განმავლობაში მისხალ-მისხალ შეიკრიბა. ამ კონკრეტული სატელეფონო საუბრებით კი რუსეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქის დანაშაულებრივი ქმედება განსაკუთრებით მტკიცდება. 17 ივლისს, 16:48-წუთზე ლეონიდ ხარჩენკო ურეკავს სერგეი დუბინსკის: „უკვე ადგილზე ვართ. „სუშკა“ (უკრაინელების საბრძოლო თვითმფრინავი) უკვე ჩამოვაგდეთ“. მოგვიანებით, დუბინსკი ურეკავს ოლეგ პულატოვს და ეკითხება: „მითხარით, ჩვენმა „ბუკ“-მა ისროლა თუ არა?“ პულატოვმა უპასუხა: „ბუკ“-მა ჩამოაგდო „სუშკა“ მას მერე, რაც „სუშკამ“ ჩამოაგდო „ბოინგი“. ამის შემდეგ კი დუბინსკიმ გადაურეკა იგორ გირკინს, რომელიც ამ დროს „დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის“ ე.წ თავდაცვის მინისტრი იყო. მნიშვნელოვანი ის არის, რომ სხვა თვითმფრინავი, გარდა MH17-ისა, 17 ივლისს არავის ჩამოუგდია, ნამსხვრევებსა და ადამიანების სხეულებში კი სწორედ „ბუკ“-ის ფრაგმენტები იქნა ნაპოვნი.
ასევე, გამოძიების მიერ გაშიფრული სხვადასხვა სატელეფონო საუბრის, მოწმის თუ თვითმხილველის ნაამბობით მტკიცდება, რომ უკრაინელი სეპარატისტები ყველანაირ დახმარებას იღებდნენ კრემლისა და რუსული სპეცსამსახურებისგან. უშუალოდ უკრაინის ანექსიის მიმართულება ჩაბარებული ჰქონდა პუტინის ამჟამად უკვე ყოფილ მრჩეველს, ვლადისლავ სურკოვს, რომელიც პოსტიდან რამდენიმე თვის წინ გადადგა. სურკოვის გვარი არაერთხელ ფიგურირებს იმ გადაჭერილ სატელეფონო ჩანაწერებშიც, რომლებიც საერთაშორისო გამომძიებლებმა მოიპოვეს. ცნობილია, რომ სურკოვი დონეცკსა და ლუგანსკს ნდობით აღჭურვილი პირების დახმარებით მართავდა, რომელთა შორის არიან: ალექსანდრ ბოროდაი, ალექსანდრ კაზაკოვი, ზახარ პრილეპინი და სერგეი კურჩენკო. დონეცკის სეპარატისტების აჯანყების ერთერთი ლიდერი – ალექსეი ალექსანდროვი რუსულ მედიას მოგვიანებით უყვებოდა – „ნებისმიერი ზარი მოსკოვიდან მამა ღმერთის კანცელარიიდან ზარად აღიქმებოდა და მისი რაიმე განხილვა დაუშვებელი იყო, ბრძანება პირდაპირ სრულდებოდა”.
ვლადისლავ სურკოვი რუსეთის თანამედროვე პოლიტიკური სისტემის ერთერთ არქიტექტორად მიიჩნევა. მან და მისი პარტნიორებმა კრემლში ბევრ სხვა დიდ სიმაღლესაც მიაღწიეს და, მათ შორის, MH17-ის განადგურების საქმეში არქიტექტორობაც წარმატებით შეითავსეს.
ანატოლი გორდეზიანი
.